რა ცნობებს დაეყრდნო აშშ ქართველი მოსამართლეების სანქცირებისას – ელჩის განმარტება
06/04/2023 17:10:42 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, იმ ინფორმაციის დიდი ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველი მოსამართლეების სავიზო სანქცირებისას დაეყრდნო, საჯაროდაა ხელმისაწვდომი და "არსებული სანდო ინფორმაცია საკმარისი იყო იმისთვის, რომ ემოქმედა ამერიკულ კანონს", ხოლო გამოიძიებენ თუ არა შესაბამის საქმეებს ქართველი სამართალდამცველები - ეს საქართველოს გადასაწყვეტია.
„იმ ინფორმაციის დიდი ნაწილი წლებია, საჯაროდ ხელმისაწვდომია. თუ ქართველი სამართალდამცავი ორგანოები გადაწყვეტენ, დაიწყონ გამოძიება, ის მათთვის ხელმისაწვდომი იქნება. არსებობს ეს ინფორმაცია. ეს ბრალდებებიც ცნობილია - ისინი ჟღერდა წლების მანძილზე. არსებული სანდო ინფორმაცია საკმარისი იყო იმისთვის, რომ ემოქმედა ამერიკულ კანონს. მოთხოვნა იყო ამერიკული კანონის, ასე მოვქცეულიყავით. ხოლო დაიწყება თუ არა შესაბამისი გამოძიება საქართველოში - ეს უკვე საქართველოზეა დამოკიდებული“,– განაცხადა ელჩმა „იმედის“ ეთერში (სინქრონული თარგმანი არხს ეკუთვნის).
ამასთან, მან უარყო ანტიამერიკული სადეზნფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივი საელჩოს მხრიდან ქართველ მოსამართლეთა საქმიანობაში ჩარევის მცდელობების თაობაზე და განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან მსგავსი ზეწოლა არასოდეს განხორციელებულა.
"ჩვენ არასდროს განგვიხორციელებია ზეწოლა მოსამართლეზე საქართველოში. წლების განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა იყო იმისთვის, რომ გაუმჯობესებულიყო სასამართლო სისტემა, გამჭვირვალობა. დიდი პროგრესი მიიღწა. მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ბევრ მოსამართლესთან. თავად იურისტი ვარ და მაინტერესებს მათი საქმიანობა. არის თუ არა ამერიკის დახმარება ეფექტური - ყოველთვის ვეკითხები ამას. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა. მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ბევრ ქართველ მოსამართლეს, რომლებიც არიან კეთილსინდისიერები, შრომისმოყვარეები, სურთ, იშრომონ საზოგადოებისთვის და აღასრულონ სამართალი, სურთ, იშრომონ ჩარევის, დაშინების გარეშე და სწორედ ამას უჭერს მხარს ამერიკა საქართველოში თავისი პროგრამებით. მაგრამ არსებობდნენ ხელისშემშლელებიც. სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის, ექსპერტების რეკომენდაციებს ყურადღება არ ექცეოდა. ახლა, იმედი გვაქვს, რომ ამ შესაძლებლობას გამოიყენებს ქართული მხარე რეალური ნაბიჯების გადასადგმელად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის, რასაც ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს",– დასძინა დეგნანმა.


