დეგნანი: "აშშ არ მიატოვებს ქართველ ხალხს და იმედია, არც საქართველოს ხელმძღვანელობა აქცევს ზურგს ამერიკას“
06/04/2023 17:20:11 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ "ამერიკა არ აპირებს ქართველი ხალხის მიტოვებას" და იმედს გამოთქვამს, რომ არც საქართველოს ხელისუფლება შეაქცევს ზურგს აშშ–ს.
ასე გამოეხმაურა დეგნანი დღეს საღამოს "იმედის" ეთერში საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლების ანტიამერიკულ პროპაგანდისტულ ნარატივებს.
ამერიკელმა დიპლომატმა "კონსპირაციული თეორია" უწოდა პროპაგანდისტულ მტკიცებას, თითქოს აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირება წინა დღით საქართველოში "ფრანკლინის კლუბის" ამერიკელი ტრენერის" - ამერიკელი კრიზის-მენეჯერისა და სტრატეგიული კონსულტანტის, ექსპერტის რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში მარშალ ქომინსის არშემოშვებაზე საპასუხო ნაბიჯი იყო.
ცნობისთვის: ქომინსი რამდენიმე თვის წინ თბილისში იმყოფებოდა და მაშინ "ოცნების" მთავრობის ეკონომიკის მინისტრსაც შეხვდა.
ინფორმაცია, რომ ქომინსი საქართველოში ამჯერად არ შემოუშვეს, მედიას დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა დაუდასტურა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ "ქომინსის საქმიანობა საქართველოში დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასთან“.
"ხშირად ავრცელებენ კონსპირაციულ თეორიებს იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ამერიკა საქართველოში და ეს ნამდვილად არაა სასარგებლო: ეს აბნევს საზოგადოებას და ხელს არ უწყობს საქართველოს ინტერესებს. რეალურად, აშშ წლებია, ხელს უწყობს ქვეყნის გაძლიერებას, მათ შორის - ეკონომიკის, ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და სხვა კუთხით, ყველა ამ მიმართულებით საქართველოში დებს საკუთარ რესურსებს. ამისთვის ვართ ჩვენ აქ! ჩვენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ვართ! ამერიკა არ მიატოებს ქართველ ხალხს. ჩვენ ერგულნი ვართ ამ ურთიერთობის და იმედი გვაქვს, რომ არც საქართველოს ხელმძღვანელობა შეაქცევს ზურგს ამერიკას“,– განაცხადა ელჩმა და იქვე დასძინა, რომ "განვითარებული, დემოკრატიული, წარმატებული საქართველო – ესაა ის, რისი ნახვაც სურს აშშ-ს".


