თურქეთის ელჩი: „ანკარა არ ამყარებს ოფიციალურ კონტაქტებს  სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებთან, ბრალდებები ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს“

07-04-2023 11:37:11 კონფლიქტები ,პოლიტიკა

თურქეთი არ სცნობს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს და არ ამყარებს ოფიციალურ კონტაქტებს დე ფაქტო ხელისუფლებებთან,- განუცხადა „აქცენტს“ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალი ქაან ორბაიმ იმ ინფორმაციის კომენტირებისას, რომ რუსეთმა თურქეთში ტვირთების გადაზიდვა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო.

"უპირველეს ყოვლისა, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს თურქეთის მტკიცე ერთგულებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თურქეთი არ სცნობს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს. ჩვენ არ ვამყარებთ ოფიციალურ კონტაქტებს საქართველოს ამ რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებთან და არ დავუშვებთ მსგავსი კონტაქტების დამყარებას თურქეთის სხვა სუბიექტების მიერაც. ბრალდებები ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს. ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ თურქეთი გააგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფარგლებში”,– განუცხადა „აქცენტს“ ელჩმა.

თავდაპირველად გამოცემა СОВА იუწყებოდა, რომ სოხუმში „პირველი საკონტეინერო მატარებელი“ შევიდა. გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს რუსეთის მორიგი სქემაა სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. იტყობინებოდნენ, რომ სოხუმიდან თურქეთში ტვირთების გადასაზიდად გემი Anatolian გამოიყენეს.

შემდეგ ტრანზიტის ფაქტი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალიას ლაბახუამ დაადასტურა:

„ცოტა ხნის წინ 62 კონტეინერის შემადგენლობის მატარებელი შემოვიდა, ეს იყო საქონლის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან თურქეთში. მატარებელმა შეუყოვნებლად ჩაიარა, საბაჟო სამსახურის მხრიდან არანაირი შეფერხება არ ყოფილა. ეს არ არის "პირველი მერცხალი", იყო სხვა ტრანზიტებიც, მაგრამ მცირე პარტიებით. შემოწმდა მარშრუტი, ჩატარდა მონიტორინგიო“.

ლაბახუას თქმით, მატარებელი უკან რუსეთის ფედერაციისთვის განკუთვნილი სხვა ტვირთით დაბრუნდება.

„აფხაზეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის არსებული შეთანხმებით, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საქონლის შეუფერხებელი ტრანზიტი მათ ტერიტორიებზე. საბაჟო გადასახადი მცირეა, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე საკონტეინერო მატარებლის გავლის ფაქტი თავისთავადაც ბევრზე მეტყველებს. ამასთანავე, დღეს - ერთი მიწოდება, ხვალ - მეორე და ასე, რომ იტყვიან, "კაპიკ-კაპიკ" შეგროვდება ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტი", - დასძინა მან.

თბილისს ოკუპირებული აფხაზეთის გავლით საქონლის ტრანზიტის თაობაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ცნობისთვის: უკრაინაში სრუმასშტაბიანი შეჭრის გამო მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა. 2022 წლის მაისში მოსკოვმა „პარალელური იმპორტი” დააკანონა, რაც მწარმოებლის ნებართვის გარეშე მისი პროდუქციის რუსეთში უპრობლემოდ შეტანას ხდის შესაძლებელს. აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ მაშინვე გამოთქვა სრული მზადყოფნა, სანქციების მიუხედავად, აფხაზეთი "პარალელურ იმპორტში" ჩაბმულიყო.

ოფიციალურად საქართველო მიერთებულია საერთაშორისო სანქციებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები