მიხეილ სარჯველაძე - საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრი არ მომწონს
07/04/2023 09:29:14 პოლიტიკა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის მიერ ინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე არაა და ამბობს, რომ პარლამენტი არაა ადგილი, სადაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს.
„მხოლოდ ღია წყაროებით გასული ინფორმაცია, სადაც არასამთავრობოების კრიტიკას ვისმენთ ცალკეული მოსამართლეების ან სასამართლო სისტემაში შესაძლო არსებული პრობლემების შესახებ, საკმარისი არ იქნება და რა თქმა უნდა, საზოგადოება უფლებამოსილი და ღირსია, გაიგოს, რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი ან წინაპირობა. რაც შეეხება საკითხს, რომ საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდეს, ეს აზრი არ მომწონს. პარლამენტი არ არის ადგილი, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე იმსჯელოს და რეაგირება მოახდინოს. ეს დააკნინებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს. სასამართლო ხელისუფლება ყოველთვის უნდა იყოს დამოუკიდებელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო - პოლიტიკური ხელისუფლებისგან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილების მიზეზი ახსნილი უნდა იყოს, რადგან საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვებია:
„როდესაც კონკრეტული პირების წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღება, უნდა აიხსნას მიზეზი. უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაიბადა საზოგადოებაში, მათ შორის ის, რომ თუ შეერთებულ შტატებში კანონისმიერი მოვალეობაა, რომ ვინც სასამართლო ხელისუფლებაში არ მოსწონთ, დაასანქცირონ, რატომ არ იყო გადაწყვეტილება მიღებული 2012 წლამდე სასამართლოზე, რომლის თაობაზეც მთელი ევროპაა შეთანხმებული, რომ მაშინ სასამართლო შეუდარებლად უარესი იყო, ვიდრე დღესაა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


