Accentnews.ge
დეგნანი: „ეს შანსია, მოხდეს რეაგირება, გაეცეს პასუხი კორუფციის ბრალდებებს“

დეგნანი: „ეს შანსია, მოხდეს რეაგირება, გაეცეს პასუხი კორუფციის ბრალდებებს“

07/04/2023 12:34:56 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა სასარგებლო უწოდა საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც აშშ–მ სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს „კორუფციაში ჩართულობის გამო“. როგორც ირკვევა, შეხვედრაც ამ თემის და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემის ირგვლივ წარიმართა.

„ყოველთვის სასარგებლოა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს, რაზეც ვთანამშრომლობთ. გვქონდა საუბარი დამატებით ნაბიჯებზე, რა უნდა გადაიდგას და რით უნდა დაეხმაროს ამერიკის შეერთებული შტატები პარლამენტს, რომ გაგრძელდეს სამართლებრივი რეფორმები, სასამართლო სისტემის რეფორმა, რადგან ეს და კორუფციასთან ბრძოლა გახლავთ 12 რეკომენდაციის შემადგენელ ნაწილი“,– განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მან იმედი გამოთქვა, რომ დეკემბერში საქართველო შეძლებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „ამისთვის სამუშაოა ჩასატარებელი“:

„ვიცი, რომ არსებობს რეკომენდაციები ვენეციის კომისიისგან, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ დაკმაყოფილდეს ის სტანდარტი, რაც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით არის გაწერილი 12 რეკომენდაციაში. ერთ–ერთი საკითხი გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება. ამ საკითხზე საუბარია ვენეციის კომისიის ბოლო ოთხ მოხსენებაში. მეტი უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით“.

ელჩს ჰკითხეს, მოსამართლეებისთვის დაწესებული სავიზო სანქციები შეუშლის თუ არა ხელს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში:

„მიგვაჩნია, რომ ეს არის დადებითი ნაბიჯი საქართველოსთვის – ეს არის შესაძლებლობა და შანსი, მოხდეს რეაგირება, გაეცეს პასუხი იმ კორუფციის ბრალდებებს, რაც არსებობს სასამართლო სისტემაში. ეს შანსია საქართველოსთვის, წარმოადგინოს მტკიცე ერთგულება, დააფუძნოს რეალურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა. მოგეხსენებათ, აშშ–ში გასულ თვეს ჩატარდა დემოკრატიის სამიტი. 100–ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ, აიღო ვალდებულება, რომ გააძლიერებს მუშაობას კორუფციასთან ბრძოლის, სამართლის უზენაესობის მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ამდენად, ეს კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, უპასუხოს ამ გამოწვევებს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S