ეს 100%–ით სიცრუეა – აშშ–ის ელჩი „მეორე ფრონტის“ კონსპირაციაზე
07/04/2023 12:50:46 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პარტნიორებს არ სურთ საქართველოსთვის საფრთხეში ჩაგდება და რომ ეს წმინდა წყლის კონსპირაციაა.
მან შემაშფოთებელი უწოდა, რომ კონსპირაციულ თეორიებს რიგ შემთხვევებში სახელისუფლებო პარტიის წევრები იმეორებენ.
„ეს არის 100%–ით სიცრუე. რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება მაშინ, როდესაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს?! ვმუშაობთ სანაპირო დაცვასთან, სასაზღვრო პოლიციასთან რათა ქვეყანა გაძლიერდეს. რატომ უნდა გვინდოდეს, რომ საქართველო დავაყენოთ საფრთხის ან რისკის ქვეშ? ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც ეს ტყუილი, კონსპირაციული თეორია ძალიან ხშირად ჟღერდება და ზოგჯერ ამას იმეორებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები“,– განაცხადა ელჩმა.
მანამდე ამ თემაზე "აქცენტთან" აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში ისაუბრეს.
"აშშ–სა და დასავლეთს არასოდეს უცდიათ საქართველოს ომში ჩართვა, თუმცა კვლავ ისმის განცხადებები, თითქოს ჩვენ დაინტერესებულნი ვართ "მეორე ფრონტის" გახსნით. და ვინ არის დაინტერესებული პირველი ფრონტით? - ეს არის კითხვა, რომელიც ვლადიმირ პუტინს უნდა დაუსვათ. ჩვენ აბსოლუტურად არ ვართ დაინტერესებული საქართველოს ომში ჩაბმით და არც მოვუწოდებთ ამისკენ საქართველოს, ან ვინმე სხვას", - განუცხადა დღეს "აქცენტს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.
მმართველი გუნდის პროპაგანდაა, რომ „გლობალური ომის პარტია“ საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნას აიძულებს და ამას უკავშირებენ ისინი პარტნიორებისგან წამოსულ ნებისმიერ კრიტიკას. სწორედ რომ "ომში ჩაბმაზე უარის თქმისთვის დასჯის" ყალბ პროპაგანდისტულ ნარატივს დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აშშ-ის მიერ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის კორუფციაში ჩართულობის გამო სავიზო სანქციის დაწესებაც.


