არც მქონდა ინფორმაცია, ვიდრე ხელმძღვანელმა ლილუაშვილმა არ გააკეთა განცხადება პრესაში – დეგნანი ქომინსის საქმეზე
07/04/2023 13:20:02 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ის მოქალაქის ჯეიმსონ მარშალ ქომინსის საქართველოში არ შემოშვების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც სუს–ის ხელმძღვანელმა ისაუბრა მედიასთან ამის შესახებ.
ამასთან, ამერიკელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ ფაქტს და მოსამართლეების სანქცირებას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.
„არ ვიცნობ ამ პიროვნება. არც მქონდა ინფორმაცია, ვიდრე ხელმძღვანელმა ლილუაშვილმა არ გააკეთა განცხადება პრესაში ამასთან დაკავშირებით. ზოგადად, ჩვენ არ ვახორციელებთ მონიტორინგს, თუ ვინ ჩამოდის ამერიკიდან, რადგან უამრავი ამერიკელი ჩამოდის. თუ საელჩოს არ მოგმართა დახმარების ხოვნით კონკრეტულმა პირმა, არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ ჩამოდის და მიდის“,– უპასუხა კითხვას ელჩმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ამერიკის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს, რადგან ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა „მაღალი სანდოობის წყაროებს".
„ვადასტურებ, რომ ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. აკერმანი ცოცხალი აღარ არის, დააყენეთ ის კაცი, შეიძლება ქომინსი უარეს საქმიანობასაც ეწეოდა. ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. აშშ-ის საელჩო არ დაგვკავშირებია რატომ არ შემოვუშვით, ალბათ მიზეზი თავადაც კარგად იციან. აკერმანიც რომ ცოცხალი ყოფილიყო და შემოსულიყო, არ შემოვუშვებდით, მას შემდეგ რაც მხილებული იყო იმაში, რა საქმიანობითაც იყო დაკავებული“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობილია, რომ 2022 წლის აპრილის დასაწყისში „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელმა პიტერ აკერმანმა ბაკურიანში შეხვდა არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. მას შემდეგ ხელისუფლება აპელირებს „ბაკურიენის გეგმაზე“, თითქოს ხელისუფლების რევოლუციური გზით დამხობა განიხილებოდა. აკერმანი 2022 წლის 26 აპრილს გარდაიცვალა. სახელისუფლებო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ქომინსი „ახალი აკერმანია“ და რომ თითქოს მოსამართლეების სანქცირება მის არშემოშვებას უკავშირდება.
„შეიძლება კავშირი არსებობს კიდეც, შეიძლება არ არსებობს, ეს უნდა კითხოთ იმ მხარეს, ვინც სანქციები დააკისრა კონკრეტულ პირებს", - განაცხადა ამასთან დაკავშირებით ლილუაშვილმა.
სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, ჯეიმსონ მარშალ ქომინსის "საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრეინინგებასთან, მითითების გაცემასთან და ა.შ.".


