თუ არ გვინდა, ოთხ ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, ქმედითი ნაბიჯებია საჭირო – პრეზიდენტი
07/04/2023 14:35:44 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი შიშობს, აშშ–ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება ევროპაში ნეგატიურ სიგნალად არ იქნეს აღქმული. ამიტომ, მისი თქმით, „არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების - თუ არ გვინდა, 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები“.
როგორც პრეზიდენტმა აშშ–ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლოს კუთხით, მით უფრო სწრაფად აღდგება ქვეყნის რეპუტაცია.
პრეზიდენტის ხედვით, ეს ნაბიჯები შეიძლება, იყოს გამოძიება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადახედვა ან არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა.
„არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 4 პირს ეხება და ამ 4 პირის სავიზო შეზღუდვებს, როგორც აზუსტებს ელჩი, ამავე დროს, განცხადება ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, ამის მიუხედავად გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი, საქართველომ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მანკიერი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში, ყველამ ვიცით და გვესმის, რა უნდა გაკეთებულიყო ამ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რა არ გაკეთდა და რატომ. ამიტომაც, სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას, ასევე ვაცნობიერებთ სასამართლო დამოუკიდებლობის გამყარებისა და სისტემაში პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას, ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება“,– თქვა პრეზიდენტმა.
მან წუხილი გამოთქვა, რომ საქართველო ამ გადაწყვეტილებით იწერება სხვა სანქცირებული პირების ქვეყნების სიაში მაშინ, როდესაც ის თავისი ევროპელი პარტნიორებისგან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ელოდება:
„ვშიშობ აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში არ იყოს აღქმული, როგორც ნეგატიური სიგნალი, ამიტომ არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების. ჩვენზე, ყველაზეა ქვეყნის იმიჯის გამოსწორება. თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, ეს იქნება სრული გამოძიება თუ გადახედვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისა, ან კიდევ არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლოს კუთხით, რასაც ყველა პარტნიორი აკვირდება, მით უფრო სწრაფად აღადგენთ ქვეყნის რეპუტაციას და მით უფრო ნდობას. ქვეყანა ამას არ იმსახურებს და არ იმსახურებს იმას, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს“.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა არ იმსახურებს, მოსამართლეების დასანქცირება პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზი გახდეს:
„ქვეყანა არ იმსახურებს, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს. არც შიდა ძალებს შორის და არც ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობაში. მეგობარმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნუ გვიხარია, გავაანალიზოთ რა მოხდა, რატომ, რა არის გამოსასწორებელი. მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ და მიზანსაც მივაღწევთ, რაც ძალიან გაგვიხარდება“.


