პრეზიდენტმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე დააჯილდოვა
09/04/2023 09:43:34 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლებით დააჯილდოვა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი საპროტესტო აქციების სიმბოლოებად იქცნენ.
სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა საქართველოს ისტორიაში და ქართული იდენტობის შენარჩუნებაზე ქალების მნიშვნელოვან წვლილზე. ამის შემდეგ კი ჯილდოს შესახებ გამოაცხადა.
„ეს ჯილდო პერსონალური არ არის, ეს ეძღვნება ყველა იმ ქალს, რომელიც ამ და სხვა პერიოდებში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს მომავლისთვის. ეს ორნი არიან ამის სახეები და მათ ვიწვევ აქ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
- „ქალს 9 აპრილის ფოტოდან“ – ნანა მახარაძეს მედალი გადაეცა „საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის“.
- „ქალს ევროკავშირის დროშით“, 2023 წლის მარტის პროდასავლური დემონსტრაციებიდან, ნანა მალაშხიას, მედალი გადაეცა „საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის“.
დაჯილდოების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ თავად ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია. მათ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, თუ რომ ქართველი ხალხის ნება არის ევროკავშირის წევრობა, რისთვისაც ბრძოლა კვლავ გრძელდება:
“ეს 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და აუცილებლად, მე ამაყი ვარ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, სადაც იყო თავისუფლება და სადაც იყო ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი რა თქმა უნდა ევროპისკენაა”, – აღნიშნა მახარაძემ.
“მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, რომ დღეს დგახართ საქართველოს მოქალაქეების გვერდით და კარგად გესმით ჩვენი ხალხის დაკვეთა, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრ. იმ ევროპული ოჯახისა, სადაც არსებობს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებისგან თავისუფალი, სადაც სრულად დაცულია მედიის თავისუფლება, ქალთა უფლებები, უმცირესობების უფლებები, უამრავ სხვა სიკეთესთან ერთად, რასაც ქვეყნის უსაფრთხოება, კეთილდღეობა ჰქვია”, – მიმართა პრეზიდენტს მალაშხიამ.


