პრეზიდენტი – „ვაკის პარკის“ II მსოფლიო ომის მემორიალში უნდა გაერთიანდეს ყველა მებრძოლი, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა
09/04/2023 09:53:19 პოლიტიკა
„ვაკის პარკში“ მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული. მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი მებრძოლი და ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, იყოს გაერთიანებული“ , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 9 აპრილთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„მინდა გაგიზიაროთ, ერთი ჩემი არა ახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არასდროს ვკარგავ. ამის შესახებ უკვე რამდენიმე წელია მივწერე, თბილისის მერს და სხვებს, რომ „ვაკის პარკში“ მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული. მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი მებრძოლი და ყველა ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, იყოს გაერთიანებული. ჩვენ თუ გვიჭირს გაერთიანება ცოცხლად, შეიძლება მემორიალში გაერთიანებული ვიყოთ და ეს იქნება ძალიან დიდი ნიშანი. სხვათა შორის, უფრო ღირსეული, როცა უცხოელ სტუმრებს მივიყვანთ და ავუხსნით, რა არის საქართველოს ისტორია, ან ჩვენ მოწაფეებს რომ მივიყვანთ და გავაგებინებთ, რა იყო ეს ღირსეული ფურცლები ჩვენი ისტორიის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის: 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.


