ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს მიმართავენ, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა 11 აპრილს არ მოიწვიოს
10/04/2023 16:47:10 პოლიტიკა
ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რიგგარეშე სხდომა, რომელიც მათ მოითხოვეს, 11 აპრილს არ მოიწვიოს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა - ლევან ხაბეიშვილმა, ანა წითლიძემ დაუგეგმავად დატოვა საქართველო და ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
„დღეს მეორედ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს. სამწუხაროდ ჩვენს მიერ გაგზავნილი მიმართვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ხვალ, 11 აპრილს რიგგარეშე სესიის მოწვევას, მოულოდნელად ორმა დეპუტატმა, დაუგეგმავად დატოვა საქართველო, ამიტომ ხვალ ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ აღმოვფხვრათ ზედმეტი ინტერპრეტაციები, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ამ თხოვნის მიზანი პრეზიდენტისადმი არის ის, რომ საქართველოს პარლამენტში მყოფი ოპოზიცია შეთანხმებულია საგამოძიებო კომისიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ამიტომ გვსურს, რომ კენჭისყრა ჩატარდეს სწორედ მაშინ, როდესაც ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი პარლამენტში. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის, რომ ეს დაუგეგმავი ვითარება შეიქმნა, მაგრამ საკითხის ჩავარდნას, ჯობია საკითხის გადაწყვეტის გადადება, ამიტომ, მივმართავთ კვლავ პრეზიდენტს, რომ ხვალინდელი სხდომა არ მოიწვიოს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
46–მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს მიმართა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „რეფორმების ჯგუფის" მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის მიღება უნდა ყოფილიყო, რომელიც სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხები უნდა იყოს: სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობა, რომელიც უკანონოდ ერევა მართლმსაჯულების განხორციელებასა და მოსამართლეთა შერჩევა-დაწინაურებაში, მოსამართლეებზე უკანონო ზემოქმედების, კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები.


