7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში იბარებენ
11/04/2023 09:59:01 პოლიტიკა
რვა ოპოზიციონერი დეპუტატი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში იბარებს.
როგორც დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მათი კითხვა ეხება იმას, რამდენად პროპორციული იყო ძალა, რომელიც სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 7-8 მარტს დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს და წარმოადგენდა თუ არა ის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას.
"გამოიყენეს სპეციალური საშუალებები - ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება, სადაც გაშლილად იდგა ბევრი ადამიანი, აზრი არ ჰქონდა და შესაბამისად, იყო არაპროპორციული. ერთმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა. არცერთი პოლიციელის დასჯაზე ინფორმაცია არ გვაქვს, არცერთი უწყების მიერ გაკეთებული თვითრეფლექსიის განცხადება არ გვინახავს, რომ ესა და ეს პოლიციელი ამ და ამ ადამიანზე ძალადობისთვის დაისაჯა. შესაბამისად, იმის გამო, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გჭირდება, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრს ვიბარებთ ინტერპელაციის წესით. უნდა მოვიდეს და კონკრეტულ კითხვებს პასუხი გასცეს", - თქვა ხატია დეკანოიძემ.


