Accentnews.ge
ვინ მიიჩნევა ოლიგარქად "ნაციონალური მოძრაობის" კანონპროექტით

ვინ მიიჩნევა ოლიგარქად "ნაციონალური მოძრაობის" კანონპროექტით

12/04/2023 10:54:43 პოლიტიკა

პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიცირებულ ალტერნატიულ კანონპროექტს "ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ". იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პროექტი დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა წარადგინა.

ოპოზიციური პარტიის კანონპროექტით, ოლიგარქი არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე სამ შემდეგ პირობას და ზეგავლენას ახდენს საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე:

  • პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას;
  • მისი ოჯახის წევრები ან დაკავშირებული პირები, მის მფლობელობაში არსებულ იურიდიულ სუბიექტებში დასაქმებული პირები იკავებენ სახელმწიფო-პოლიტიკურ, პოლიტიკურ ანდა სახელმწიფო თანამდებობებს;
  • პირდაპირ ან ირიბად (მათ შორის მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის მეშვებით) ახორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედია მომსახურების საშუალებებზე;
  • წარმოადგენს საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტი, ან უკავია დომინანტური (მონოპოლიური) მდგომარეობა ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად;
  • პირის ანდა სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მფლობელი პირის დადასტურებული აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%, ანდა მას, მისი ოჯახის წევრებს და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს მიწის რესურსის 7%-ზე მეტი.
  • სანქცირებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

ენმ წარდგენილ კანონპროექტში, ასევე განმარტავს "ოლიგარქიული მმართველობის" მნიშვნელობას და წერს, რომ ეს არის "ერთპარტიულობა, რაც გულისხმობს, იმ კონსტიტუციური უფლემაბამოსილებების განხორციელებას სხვა პარტიების მონაწილეობის გარეშე, რომლისთვისაც საჭიროა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობა".

ვინ გადაწყვეტს, ვინ იქნება ოლიგარქი ენმ-ის პროექტით

ალტერნატიული კანონპროექტის მიხედვით, პირის ოლიგარქად ცნობის გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის სარჩელის საფუძველზე.

ასევე, პროექტით, საკონსტიტუციო სასამრთლო სარჩელის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

კანონპროექტში საუბარია იმაზეც, რომ პირის ოლიგარქად ცნობის შემდეგ მას "ოლიგარქთა რეესტრში" შეიყვანენ. ამასთან, რეესტრის მეშვეობით აღირიცხებიან მათთან დაკავშირებული პირებიც.

პარლამენტი, ასევე განიხილავს "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ. მათი პროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, რის შემდეგაც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მისი შეფასების დასკვნა. ამის შემდეგ, პარლამენტმა მიიღო კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნების გადაწყვეტილება.

ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებულ 12 რეკომენდაციაში, დეოლიგარქიზაცია #5 და თავიდანვე ერთ-ერთი ყველაზე სადავო პირობა იყო. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, უკრაინული კანონპროექტი ითარგმნა იმ განსხვავებით, რომ ქართულ ვარიანტში ოლიგარქების რეესტრის უფლებამოსილება მთავრობას მიენიჭა.

ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი მთავრობას ჭარბ გავლენას ანიჭებს და ანგარიშსწორების შესაძლებლობას აძლევს, „ბუნდოვანი კრიტერიუმების“ გამო და ასევე „პერსონალური მიდგომის“ გათვალისწინებით, კანონპროექტის ამ სახით დამტკიცებამ შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებების დარღვევა „დასახული მიზნების შესრულების ნაცვლად“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S