Accentnews.ge
სასამართლოს საკითხზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა 18 აპრილს იგეგმება

სასამართლოს საკითხზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა 18 აპრილს იგეგმება

12/04/2023 12:52:44 პოლიტიკა

პარლამენტის წევრებმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის თემაზე კენჭისყრა 18 აპრილს გაიმართება.

​როგორც ხათუნა სამნიძე აცხადებს, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად კოლეგების ინფორმირების მიზნით, ხუთი დეპუტატი ოპოზიციიდან, დანარჩენებს პირადად დაუკავშირდება.

„გვინდა მივმართოთ თითოეულ კოლეგას, რომელსაც პირადადაც დავუკავშირდებით და უკვე ვუკავშირდებით, რომ კენჭისყრა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გაიმართება მორიგ სასესიო კვირაში, პირველსავე დღეს, 18- ში, სამშაბათს, როცა დასრულდება განცხადებები. ბიუროს მივმართავთ დილითვე თხოვნით, რომ ჩაისვას ეს დღის წესრიგში. თითოეულ დეპუტატს ვთხოვ, გადადონ ყველაფერი, ვიყოთ ერთად და შევქმნათ ეს საგამოძიებო კომისია. ხუთმა ქალმა დეპუტატმა: მე, თამარ კორძაიამ, თეონა აქუბარდიამ, სალომე სამადაშვილმა, ანა ნაცვლიშვილმა ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ პირადად დავუკავშირდებით თითოეულ დეპუტატს და უზრუნველვყოფთ იმას, რომ ყველა იყოს პირადად ინფორმირებული და ყველა ვიყოთ სასესიო დარბაზში“, - თქვა ხათუნა სამნიძემ.

თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ კომუნიკაცია უკვე ჰქონდათ ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებთან.

„დავასრულოთ საუბარი, რა იყო წარსულში და მოვახდინოთ სრული მობილიზება 18 აპრილის სხდომაზე, რათა შეიქმნას კომისია. როგორც არასდროს ოპოზიცია არის ერთიანი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ამისთვის მთელს ძალისხმევას მივმართავთ“, - აღნიშნა მან.

11 აპრილს საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე პრეზიდენტისგან პასუხის მიღებამდე, ოპოზიციის დეპუტატებმა გადაწყვეტილება შეცვალეს. 10 აპრილს კორძაიამ განაცხადა, რომ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე უცხოეთში გაემგზავრნენ, რაც პრეზიდენტისთვის განცხადების გაგზავნისას მათთვის უცნობი იყო.

ანი წითლიძემ კი განმარტა, რომ პოლონეთის მხარისგან მოწვევა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მიიღეს და ამიტომ პარლამენტში „აუნაზღაურებადი მივლინება" აქვთ გაფორმებული. ისინი იმყოფებოდნენ პოლონეთში, სმოლენსკის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის 13 წლისთავზე. ავიაკატასტროფის შედეგად პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია და ათობით სხვა სამხედრო თუ სამთავრობო პირი დაიღუპა.

„რეფორმების ჯგუფმა” სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე დადგენილების პროექტი 2022 წლის დეკემბრის ბოლოს დაარეგისტრირა. მანამდე ადამიანის უფლებებზე მომუშავე 10-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს მოუწოდა, შექმნან საგამოძიებო კომისია მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოსაძიებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S