ხატია დეკანოიძე - ვინც ქართულ პოლიტიკაში კონსოლიდაციას ხელს უშლის, უნდა ჩამოცილდეს პოლიტიკას
12/04/2023 18:27:30 პოლიტიკა
"ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ვინც ქართულ პოლიტიკაში კონსოლიდაციას ხელს უშლის, ნელ-ნელა უნდა ჩამოცილდეს პოლიტიკას", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც BBC-ს საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული.
როგორც დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, BBC-ს მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატია არის მძიმე ბრალდება.
მისი თქმით, არასასიამოვნოა ამის მოსმენა, რადგან ამ ვითარებამ „ქართულ ოცნებას“ მისცა შესაძლებლობა, „თავდასხმის რეჟიმზე გადმოვიდნენ".
„BBC არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის სამაუწყებლო ორგანიზაცია. BBC-ის საგამოძიებო ჟურნალისტიკა ყველგან სახელგანთქმულია. ძალიან მძიმე ბრალდებაა. ძალიან კარგად მესმის, რა არის ტრანსნაციონალური გამოძიება. კეზერაშვილმა თქვა, რომ ბრიტანეთის სასამართლოში გაასაჩივრებს ამ ფაქტების ერთობლიობას. საქართველოში რთულია დაეყრდნო რამე სახის ობიექტური მართლმსაჯულების პრინციპს, მაგრამ სრულად მჯერა ბრიტანეთის სასამართლოსი. ასეთ სქემებზე გამოძიება, არა მხოლოდ ერთ ქვეყანაში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს. არასასიამოვნოა ამის მოსმენა. არასასიამოვნოა იმ კონტექსტში, რომ ამ ვითარებამ „ქართულ ოცნებას“ მისცა შესაძლებლობა თავდასხმის რეჟიმში გადმოვიდნენ. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ვინც ქართულ პოლიტიკაში კონსოლიდაციას ხელს უშლის, ნელ-ნელა უნდა ჩამოსცილდნენ პოლიტიკას. ახლა იმდენად ექსტრემალურ ვითარებაში ვართ და იმდენად დიდი საფრთხეა „ქართული ოცნების“ სახით, რომ კრისტალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ საუკეთესო ფორმაში არ არის, ყველა ვხედავთ. პარტიიდან წასვლა ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება იყო. მე ვფიქრობ, რომ რეალობასთან თვალის გასწორება არის აუცილებელი“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ამასთან, დეპუტატმა პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემაა, როდესაც პოლიტიკურ ორგანიზაციებში ფინანსური რესურსი, ან გავლენები ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციას აჩენს.
„ჩემი პრობლემა პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პრობლემა იყო თავმჯდომარის კანდიდატურა, რომელსაც მხარდამჭერები ჰყავდა იმ ფორმაციაში, რა ფორმაციაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობს. არავისთვის არ არის დასამალი და ყველა ამბობს, რომ კი, ბატონი კეზერაშვილი მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერდა. მათ შორის, პოლიტსაბჭოზე მქონდა სერიოზული პრობლემა. ასევე 9 აპრილის აქცია, რაშიც მართალი აღმოვჩნდი. იყო კიდევ ბევრი შეუთანხმებლობა. როდესაც პოლიტიკურ ორგანიზაციებში ფინანსურმა რესურსმა ან გავლენებმა შეიძლება თავისი ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია გააჩინოს ეს, რა თქმა უნდა, არის პრობლემა“, - განაცხადა დეკანოიძემ.


