სამადაშვილი: "წარმოუდგენელია, ქოლცენტრები ქვეყანაში ოპერირებდნენ ისე, რომ მათ არ მფარველობენ ძალიან მაღალ დონეზე ხელისუფლებიდან"
12/04/2023 18:59:03 პოლიტიკა
„ლელოს“ წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი BBC-ს საგამოძიებო სტატიას ეხმიანება და აცხადებს, რომ "აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ქოლცენტრები ქვეყანაში ოპერირებდნენ ისე, რომ მათ არ მფარველობენ ძალიან მაღალ დონეზე ხელისუფლებიდან".ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„თუ ასეთი დანაშაული ხორციელდებოდა ჩვენს ქვეყანაში, რაზეცაა საუბარი - ქოლცენტრები, როგორ შეიძლება, ვის წარმოუდგენია, ქვეყანაში, სადაც მე მიკონტროლებენ ჩემს უახლოეს მეგობარს რას ვესაუბრები ტელეფონზე და ლამის სახლშიც დაყენებული აქვთ მოსასმენი ინსტრუმენტები, რომ ქოლცენტრების საქმიანობა განხორციელებულიყო ისე, რომ ეს ვერ გაეგო ხელისუფლებას? - კეზერაშვილი კია რა, ვინც არ უნდა იყოს, თუ ასეთი არალეგალური ბიზნესია ქვეყანაში, ეს ნიშნავს პირდაპირ იმას, რომ მფარველი ამ ბიზნესს არა თუ „ქართულ ოცნებაში“ ჰყავს, არამედ ძალიან მაღალ დონეზე ჰყავს „ქართულ ოცნებაში“. სხვანაირად ამას ვერ განახორციელებდნენ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილმა დავით კეზერაშვილის მიერ ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ჩრდილოვანი მმართველობა არა მხოლოდ ხელისუფლებისთვისაა ცუდი, არამედ ოპოზიციისთვისაც.
„როდესაც ვამბობთ, რომ ხელისუფლებას ჭირდება გამჭვირვალეობა, ვამბობთ, რომ არ უნდა ჰქონდეს ოლიგარქს მიტაცებული სახელმწიფო, ჩრდილოვანი მმართველობა არის ცუდი, ჩრდილოვანი მმართველობა მათ შორის ცუდია ოპოზიციური პარტიებისთვისაც. გამჭვირვალეობა, ანგარიშვალდებულება, ინსტიტუციური მართვა სჭირდება მათ შორიც პოლიტიკურ პარტიასაც, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მართოს სახელმწიფო“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მან და კიდევ ბევრმა ადამიანმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა იყო ის, რომ „გაუგებარი იყო, ეს პარტია საერთოდ როგორ იმართებოდა და როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები“.


