"როცა შიშით გამოწვეულმა სიფრთხილემ უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო–ს კარი დახურა, 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა ჯერ ერთ და შემდეგ მეორე ქვეყანას"
13/04/2023 09:44:42 პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბუქარესტში, შავი ზღვის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების კომპლექსური სტრატეგიის აუცილებლობაზე ისაუბრა. უკრაინული გამოცემის „ევროპეისკა პრავდა“ ინფორმაციით, კულებამ განაცხადა, რომ შავი ზღვა ბალტიის ზღვის მსგავსად უნდა იქცეს ნატო–ს ზღვად.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შავი ზღვის რეგიონი იმის მაგალითია, თუ როგორ სწრაფად შეიძლება სიტუაციის გაუარესება, თუ საფრთხეებს უგულებელყოფ.
„საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა - მოსკოვი ერთიმეორის მიყოლებით მიმართავდა სასტიკ შეტევებს. დასავლეთში ბევრმა გადაწყვიტა დაეჯერებინა, რომ რუსებს საკუთარი სიმართლე აქვთ. მაგრამ ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი იმპერიალისტური ომისთვის და საბოლოო მიზანი იყო მორიგი იალტის კონფერენციის ჩატარება, რათა ევროპა გავლენის სფეროებად დაეყო“, - განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ დასავლეთს შავი ზღვის მიმართ არ ჰქონდა თანმიმდევრული სტრატეგია, მაშინ, როცა რუსეთი ყოველთვის მისდევდა აგრესიულ, რევანშისტულ და ბარბაროსულ სტრატეგიას.
"როცა შიშით გამოწვეულმა სიფრთხილემ უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო–ს კარი დახურა, 2008 წელს რუსეთს სწრაფი რეაქცია ჰქონდა და თავს დაესხა ჯერ ერთ და შემდეგ, მეორე ქვეყანას", – განაცხადა კულებამ.
იგი მიიჩნევს, რომ "ვილნიუსში ნატო–ს წლევანდელი სამიტი წარსულის შეცდომების გამოსასწორებლად სწორი დროა".
ნატო–ს ლიდერთა სამიტი 2023 წლის ივლისში გაიმართება ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში. სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ნატო–სგან ითხოვს რეალურ ნაბიჯებს ალიანსში უკრაინის მისაღებად.
უკრაინამ ნატო–ს წევრობის ოფიციალური განაცხადი ომის დაწყების შემდეგ 2022 წლის სექტემბერში წარადგინა.
ნატო–მ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან.


