პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებაში მთავრობას ადანაშაულებს
13/04/2023 16:32:03 პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადების მიზეზად ასახელებს საქართველოს მთავრობის მხრიდან "ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის" მიღების პროცესს.
როგორც პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტში გამოსვლის "სათანადო დრო" ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული.
„საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.
ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო”, - წერია განცხადებაში.
დღეს გახდა ცნობილი, რომ 18 აპრილს, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო, გადაიდო. ეს იქნებოდა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი გამოსვლა ევროპარლამენტში 2010 წლის შემდეგ.


