კრამონი – ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებაზე: "მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგში დატოვება"
13/04/2023 16:47:29 პოლიტიკა
ძალიან სამწუხაროა, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის გადადებას, რაშიც თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს.
“ძალიან სამწუხაროა. სურვილი მქონდა, რომ ჩვენ (ევროპარლამენტში საქართველოს ძალიან ბევრი მეგობარია) მივიღებდით მას [ზურაბიშვილს] პლენარულ სხდომაზე საპრეზიდენტო სიტყვით გამოსვლისთვის.
იმედია, შემდეგ სესიაზე შეძლებს. მნიშვნელოვანია, საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგში დატოვება,” - წერს ფონ კრამონი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი, სადაც ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე 18 აპრილს სიტყვით უნდა გამოსულიყო, გადაიდო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება, გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.
„ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო”, - წერია განცხადებაში.


