ტანჯვა საშინელი და უგულოა – ნავალნი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილთან დაკავშირებით მიმართავს
13/04/2023 17:50:40 პოლიტიკა
რუსმა ოპოზიციონერმა, პატიმრობაში მყოფმა ალექსეი ნავალნიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან სამკურნალოდ გაათავისუფლოს.
მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა, ნავალნი აღნიშნავს, რომ ის არ იცნობს სააკაშვილს და არც მისი გუნდის წევრებს, ასევე "სუსტი წარმოდგენა აქვს ქართულ პოლიტიკაზე", მაგრამ გადაწყვიტა, გამოეხატა აზრი, „როგორც პიროვნებასა და ქრისტიანს":
„საქართველოს ბედნიერი ევროპული მომავლის მჯერა. ეს მაგარი ქვეყანაა, რომელსაც აყვავებისთვის ყველაფერი აქვს. მჯერა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება (სად არ არის იგი?) მშვიდობიანად და სასიკეთოდ გადაწყდება.
მაგრამ ყოფილი პრეზიდენტი, აი, ეს პატიმრობა და ტანჯვა საშინელი და უგულოა. ევროპულ არჩევანს ურტყამს, განვითარებას ურტყამს, ნორმალური მომავლის შანსებს ამცირებს. მორალურ მდგომარეობას ამცირებს და ქვეყანას სიბრაზით ავსებს”, - წერს ნავალნი.
შექმნილ ჩიხურ ვითარებაში, ნავალნის აზრით, "ყველაზე სწორი იქნებოდა" სააკაშვილის სამკურნალოდ გამოშვება განაჩენის გადავადებით ან რამე მსგავსის გაკეთება, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს, კანონი დაიცვან და სახე შეინარჩუნონ. "მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის ყველა ოპონენტს ქრისტიანული შეწყალებისა და მშვიდობისმყოფელობის სულით ეს ნაბიჯი გადადგან", - წერს ნავალნი.
ამასთან, მან 2008 წელს დაფიქსირებული პოზიციის გამო ქართველებს ბოდიში მოუხადა:
„ჩემდა სამარცხვინოდ, 2008 წელს დავწერე პოსტი, სადაც შეურაცხყოფა მივაყენე ქართველებს, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ჩემი მეგობარი ცხინვალში დაიბომბა. მე ბოდიში მოვიხადე ამისთვის და კვლავ ბოდიშს ვიხდი, თუმცა ვიცი, რომ ამის გამო ჩემი აზრი საქართველოში დიდად არ ფასობს”.
ალექსეი ნავალნი პატიმრობაში 2021 წლის იანვრიდან იმყოფება. მას შემდეგ, რაც გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა. გერმანიაში კი მოწამვლის შემდეგ იმყოფებოდა სამკურნალოდ.
ნავალნი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ომის პროვოცირებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებდა. 2013 წელს მან ერთ–ერთ ინტერვიუში ქართველების მღრღნელებად მოხსენიებას შეცდომა უწოდა, თუმცა თქვა, რომ მისი პოზიცია აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით უცვლელია.


