Accentnews.ge
ვინ ემეხრობა და ვინ არა „ქართული ოცნებაში“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

ვინ ემეხრობა და ვინ არა „ქართული ოცნებაში“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

13/11/2019 07:03:09 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს რიგმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა. 

უმრავლესობის დეპუტატები, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობიან:

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე:

„არის რამდენიმე კოლეგა, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო პროპორციული არჩევნების და მათი პოზიცია ჩემთვის გასაგებია. მოულოდნელი ჩემთვის ერთგვარი მერყეობა აღმოჩნდა უმრავლესობაში. მე არც კი მიმაჩნია საჭიროდ დღევანდელი შეხვედრა, რადგან აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია ნათელია, პროპორციულ არჩევნებს მხარს ვუჭერთ და მე პირადად, პოზიციას არ შევიცვლი. არ ჩავარდება. მე, პირადად, შემიძლია, ერთი რამ ვთქვა, თუ ჩავარდა, მაშინ არავის გაუკვირდეს, რომ იმ მიტინგზე „მრეწველებიც“ დადგნენ“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია: 

„არ ველოდები, რომ ცვლილება იქნება. მგონია, რომ რა დაპირებაც იყო, ისე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი. არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანები გააღიზიანა ბევრი პოლიტიკოსის არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ ამ პროცესის მიმართ, რადგან პროცესი არა მარტო დემოკრატიის განვითარებას, არამედ პოპულიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს და მგონი, ამან გადაასწრო. ადამიანებს ჰქონდათ შეგრძნება, რომ ისინი ამ პროცესის თანამონაწილენი იყვნენ. ამდენმა ძახილმა, რომ იძულებით და ძალით გაეკეთებინათ ყველაფერი, არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანებში, ვისაც სურდა ამ პროცესის თანამონაწილე ყოფილიყო, უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. პროპორციული სისტემა იყო დათმობა ოპოზიციის მიმართ, არა საზოგადოების მიმართ, არ გავაზვიადოთ, მიუხედავად იმისა, რომ 10000 კაციც მნიშვნელოვანია“. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ დანელია: 

„წინააღმდეგობა ყოველთვის იყო გუნდში, მაგრამ გუნდური გადაწყვეტილება მიღებული იყო, ეს არ არის პირველი გადაწყვეტილება, როცა აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ვიღებთ გადაწყვეტილებას, რაც არის გუნდური. იმედი მაქვს, არ ჩავარდება, რადგან ეს იქნება პოლიტიკურად ძალიან ძვირი. ვინაიდან დაპირება იყო, ეს არის ყველა ჩვენგანის ვალდებულება. მე ვარ მაჟორიტარი და მე უნდა ვიყო სუბიექტური, მაგრამ ვინაიდან გუნდმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მეც გავითავისე, რომ უნდა გადავიდეთ პროპორციულზე“. 

უმრავლესობის დეპუტატები, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ ემხრობიან:

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარმა დიმიტრი ხუნდაძე:  

„ამ სისტემას ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდი, ორჯერ კომპრომისი გავწიე იმის გამო, რომ ეს კომპრომისი იყო პირობადადებული. როცა არც ერთი და არც მეორე პირობა არ შესრულდა, ეს არ არის პირადი მოთხოვნები, ეს არის ქვეყნის სტაბილურობის, ხალხთან პარლამენტის კომუნიკაციის არ შეწყვეტის მოთხოვნა და რაც მთავარია, ქვეყანას ჰყავდეს სტაბილური, ძლიერი და არა რყევადი, სუსტი ხელისუფლება. მინდა, საკუთარი გუნდი დავარწმუნო და ვაჩვენო ის საფრთხეები, რაზეც ვსაუბრობთ და რაც მთავარია, დავარწმუნოთ პარტიის თავმჯდომარე, რომ ეს გადაწყვეტილება არის ხიფათის შემცველი და ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური ცხოვრება უნდა იყოს სტაბილური და არა რყევადი“. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი ირაკლი შიოლაშვილი: 

"თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ, უმრავლესობას დავტოვებ". 

შეგახსნებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. 

21-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S