
ნატო თავის საზღვრებზე ომისთვის ემზადება
17/04/2023 18:22:02 ანალიზი
უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრამ და ომმა, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, გრძელდება, ნატო-ს სტრატეგიის შეცვლა განაპირობა. შედეგად ვლადიმირ პუტინმა, რომელიც მოითხოვდა, 1997 წლიდან მოყოლებული, ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება გაუქმებულიყო, ნატო-ს ჯარი უკვე უშუალოდ რუსეთის საზღვრებზე მიიღო. ამასთან, ალიანსი სწრაფად გადადის "საპასუხო დარტყმის მუქარით შეკავების" სტრატეგიიდან "არდაშვების გზით შეკავებაზე", - ნათქვამია "The New York Times"-ის (NYT) ანალიტიკურ სტატიაში.
ომამდე ალიანსისთვის ამოსავალი წერტილი ის გახლდათ, რომ ნატო-ს რომელიმე ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები შეეცდებოდნენ მტრის შეკავებას მანამ, სანამ მათ დასახმარებლად ადგილზე მოკავშირეთა ნაწილები არ გამოჩნდებოდნენ. მაგრამ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რამდენიმე დღეში რუსულმა ჯარმა უკრაინაში იმაზე დიდი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე ალიანსის ზოგიერთ წევრ ქვეყნებს გააჩნიათ, მაგალითად - ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს. ახლა ისინი, ისევე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, მოითხოვენ იმის უზრუნველყოფას, რომ რუსი ჯარისკაცის ჩექმა მათ მიწაზე არც კი გამოჩნდეს, – განსაკუთრებით - იმ სიმხეცის შემდეგ, რომელიც პუტინის ქვედანაყოფებმა ჩაიდინეს ბუჩაში, ირპენში, იზიუმში, მარიუპოლსა და ხერსონში.
ფინეთმა, რომელიც ნატო-ს წევრი სულ ახლახანს გახდა, რუსეთთან საზღვარზე კედლის მშენებლობა წამოიწყო (თუმცა ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ომამდე, გასული წლის შემოდგომაზე ჰქონდა მიღებული), რომელიც 1340-კმ-იანი საზღვრის ყველაზე მოწყვლად 200-კმ-იან მონაკვეთს ჩახერგავს.
პოლონეთმა მარტში განაცხადა, რომ კალინინგრადის ოლქის გასწვრივ უკვე დასრულებული აქვს 107 კმ-იანი ზღუდის აგება. ამასთან, გასულ წელს პოლონეთმა 140-კმ-იანი კედლის მშენებლობა დაასრულა ბელარუსთან საზღვარზეც, რომელიც პუტინმა პრაქტიკულად პლაცდარმად აქცია საგარეო აგრესიისთვის.
სამხედრო მიზნების გარდა, პოლონური და ფინური კედლები მოწოდებულია, დაიცვან ეს ქვეყნები ახლოაღმოსავლელი მიგრანტებისგან, რომელთა პოლონეთში გადასროლას ბელარუსის ხელისუფლება 2021 წელს პროვოკაციულად ცდილობდა.
"არდაშვების გზით შეკავების სტრატეგიაზე გადასვლა პრაქტიკული თვალსაზრისით რევოლუციას ნიშნავს", - აღნიშნავს NYT და იქვე განმარტავს, რომ ეს ნიშნავს:
- რუსეთის საზღვარზე მუდმივ საფუძველზე ნატო-ს მეტი ჯარების განთავსებას;
- აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო გეგმების მეტ ინტეგრაციას;
- აგრესიის მოსაგერიებლად კონკრეტული ძალებისა და შეიარაღებისადმი უფრო სპეციფიურ მოთხოვნებს;
- სამხედრო ხარჯების ზრდას.
მიზანი არა მარტო უკეთ მომზადებაა შესაძლო შეტაკებისათვის, არამედ რუსეთისთვის ნატო-ს ძალების უფრო ხილულად ქცევაც, - სწორედ ამაში მდგომარეობს შეკავების საკვანძო ელემენტი.
"ახლა აღარავინ საუბრობს იმაზე, როგორ "არ გადავამლაშოთ" და ამით დაძაბულობა არ გავზარდოთ მოსკოვთან ურთიერთობაში. ახლა განხილვის თემას წარმოადგენს ის, თუ როგორ გაკეთდეს ყველაფერი აუცილებელი აგრესიის პრევენციისთვის"- ამბობს გამოცემასთან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს წარმომადგენელი კამილა გრანდი, რომელიც ბოლო დრომდე ნატო-ს გენმდივნის თანაშემწე გახლდათ ინვესტიციების საკითხებში.
მისივე თქმით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაჟინებით აცხადებენ, რომ "აღარაა საკმარისი დაპირებები რუსეთის შესაკავებლად მზადყოფნისა და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების შესახებ, აუცილებელია ნატო-ს ტერიტორიის თითოეული გოჯის დაცვა პირველივე დღიდან". "აღარავის სურს, რამდენიმე თვით რუსეთის კონტროლქვეშ მოექცეს კავალერიის მოლოდინში" - დასძენს გრანდი.
2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ნატო-მ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში მრავალეროვნული ბატალიონები განათავსა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მსგავსი ბატალიონები გამოჩნდა ასევე ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთშიც. თუმცა ეს სულ 10 232 მებრძოლია და ამჟამად განიხილება ამ ნაწილების რიცხოვნობის ბრიგადებამდე გაზრდა, რათა თითოეულ ქვეყანაში 4000-5000 სამხედრო მაინც იყოს, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ნატ-სთან ამერიკული მისიის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში რობერტ ბელი.
გარდა ამისა, მუშავდება ათასობით სამხედროს მყისიერი გაშლისა და მომარაგების გზების სწრაფი ორგანიზების გეგმაც. "ცივი ომის" დასრულების შემდეგ პირველად, ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდალი დაკავებულია ომის წარმოებაში აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების გეგმების ინტეგრაციით", - უამბო NYT-ს ალიანსის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
ამას გარდა, ალიანსი დაკავდა საკუთარი შესაძლებლობების თვალსაჩინო დემონსტირებით ბირთვული იარაღის გამოყენების სფეროში. 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა ყოველწლიური წვრთნები ნატო-ს 14 ქვეყნის ძალების მონაწილეობით. "როგორც წესი, ეს წვრთნები ფართო საინფორმაციო გაშუქების გარეშე იმართება, მაგრამ არა ამჯერად. ეს სწავლება რომ უკრაინის კონფლიქტის გამო გადადებულიყო, ნატო სუსტად წარმოჩინდებოდა, განსაკუთრებით - რუსეთის ბირთვული მუქარის ფონზე, წვრთნების დათქმულ დროს ჩატარება კი იქცა შესაბამის სიგნალად როგორც მოკავშირეებისთვის, ისე მოწინააღმდეგისათვის", - განუცხადა გამოცემას კარნეგის გლობალური პოლიტიკური კვლევების ცენტრის პეკინის ფილიალის მკვლევარმა ჩჟაო ტონმა.
"ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნატო-ს სერიოზულად არც კი უფიქრია საკუთარი ტერიტორიის დაცვაზე, მაგრამ ახლა ვითარება კარდინალურად შეიცვალა, ამაზე ფიქრი აუცილებლობად იქცა და თუნდაც კუნთები ატროფირებული იყოს, მეხსიერება იმისა, თუ როგორ კეთდებოდა ეს "ცივი ომის" დროს, არსად დაკარგულა" - განუცხადა გამოცემას ნატო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ივო დადლერმა და იქვე დასძინა, რომ "მთავარია, იმ ადამიანებმა და მთავრობებმა, რომლებიც ამით არასოდეს ყოფილან დაკავებულები, ეს ისწავლონ".
წყარო: "The Moscow Times"
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021