სამადაშვილი: "ყველა ოპოზიციონერი არის საქმის კურსში, მათ დადასტურებული აქვთ, რომ აპირებენ, დაესწრონ სხდომას"
18/04/2023 07:05:39 პოლიტიკა
დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს, ამ მოწვევის პარლამენტში პირველად, შეიქმნება საგამოძიებო კომისია,- ამის შესახებ "ლელოს" წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ოპოზიციონერს დადასტურებული აქვს, რომ აპირებენ დაესწრონ სხდომას.
"გასული დღეების მანძილზე გავმართეთ კონსულტაციები თითოეულ დეპუტატთან, რომელსაც პარლამენტში აქვს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობითი მანდატი და გავაფრთხილეთ თითოეული მათგანი, რომ დღეს სავარაუდოდ, დღის წესრიგში დადგება სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ საგამოძიებო კომისიის კენჭისყრის საკითხი. ყველა ოპოზიციონერი არის საქმის კურსში, მათ დადასტურებული აქვთ, როგორც ინფორმაციის მიღება, ასევე ის, რომ აპირებენ დაესწრონ სხდომას. მას შემდეგ რაც აშშ-მა დაასანქცირა სასამართლო კლანის წევრები, კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რადგან პირდაპირ უკავშირდება სასამართლო რეფორმა კანდიდატის სტატუსს და საგამოძიებო კომისია არის მიმართული იქითკენ, რომ ხელო შეუწყოს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს", - განაცხადა სამადაშვილმა.


