Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი - სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დღეს არ გავა

შალვა პაპუაშვილი - სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დღეს არ გავა

18/04/2023 08:40:52 პოლიტიკა

"იმისთვის, რომ ოპოზიციამ სერიოზულობა კიდევ ერთხელ აჩვენოს დღეს საზოგადოებას, იქნებ თავი შეიწუხოს ოპოზიციის წევრებმა და დღესაც გამოცხადდნენ სხდომაზე, ხვალაც გამოცხადდნენ და ზეგაც", - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ ხათუნა სამნიძეს, რომელიც გამოვიდა ინიციატივით, "სასამართლო სისტემაში კორუფციული ფაქტების გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დღესვე დაეყენებინათ".

შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა.

პაპუაშვილის განცხადებას ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

პაპუაშვილმა აღნიშნა, "მისთვის გასაგებია, რომ ოპოზიცია თავის დღის წესრიგს იმაზე აგებს, თუ რა განცხადებები გაკეთდება სხვა ქვეყანაში, თუმცა პარლამენტი საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებს".

"თქვენ პირადად ეს ინიციატივა დაყენებული გქონდათ დეკემბერში, „ნაციონალურ მოძრაობას“ შარშან ივნისში და ამ პერიოდში არც ერთხელ არ გამოგიტანიათ. საკითხის აქტუალობა და განსაკუთრებული მობილიზება გამოიწვია იმან, რომ სხვა ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება და ამით აწყობთ თქვენ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ეს გასაგებია, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. ამ კვირის დღის წესრიგში არის თქვენი საკითხი ჩასმული და აუცილებლად გამოვა ეს საკითხი“,- მიმართა პაპუაშვილმა სამნიძეს.

საპასუხოდ სამნიძემ აღნიშნა, რომ " ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის დღის წესრიგი":

„მესმის, რომ თქვენ განიხილავთ როგორც ჩვენი დღის წესრიგის ირგვლივ არსებულ დისკუსიას, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ოპოზიციის საკითხია მხოლოდ, განსაკუთრებით იმ მძიმე გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ეხებოდა სამი მოსამართლისა და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებას. ამის პასუხად, ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნა არ არის მხოლოდ ოპოზიციის დღის წესრიგი. ვფიქრობ, რომ ყველას ინტერესშია პასუხი გავცეთ ამ მძიმე გადაწყვეტილებას და ჩვენ თავად შევისწავლოთ არსებული პრობლემები და გამოწვევები და სხვა ტიპის მძიმე საკითხები, რომლებიც ეხება სასამართლო სისტემას“.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში ოპოზიცია აყენებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S