
ნაცვლიშვილი: "ქართული ოცნება" დღეს პოლიტიკურად და სამართლებრივადაც შეუერთდა „კლანს“
18/04/2023 18:33:15 პოლიტიკა
"ქართული ოცნება" დღეს უკვე პოლიტიკურად და სამართლებრივადაც შეუერთდა „კლანს“ და დაადასტურა დანაშაულში თანამონაწილეობა - სანქცირებული „კლანის“ მფრაველობა საფრთხეს უქმნის "ოცნების" უსაფრთხოებასაც, - ასე შეაფასა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის გადაწყვეტილება, მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რეგისტრაცია არ გაევლოთ. კვორუმის არ არსებობის გამო კი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა არ შედგა.
"დღეს "ქართული ოცნება" დამარცხდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დანაშაულის თანამონაწილეა და ამ დანაშაულის დამალვითაა დაკავებული.
ხელისუფლებას, რომელსაც სჯერა საკუთარი განცხადებების, რომ სასამართლოში პრობლემები და მძიმე დანაშაულები არ არის, არ შეუშინდებოდა სიმართლის დამდგენი კომისიის შექმნას. "ქართულ ოცნებას" ეშინია სიმართლის, ამიტომაც გაიქცა ბრძოლის ველიდან, რომ არ შექმნილიყო სიმართლის დამდგენი კომისია სასამართლოსთან მიმართებით.
მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას მობილიზებისთვის და იმედი მაქვს, რომ ეს მობილიზება გაგრძელდება. თუმცა, ფაქტია "ქართული ოცნება" დღეს უკვე პოლიტიკურად და სამართლებრივადაც იმით, რაც დარბაზში მოხდა, შეუერთდა კლანს და დაადასტურა დანაშაულში თანამონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ სანქცირებული კლანის მფრაველობა საფრთხეს უქმნის "ქართული ოცმების" უსაფრთხოებასაც", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, უმრავლესობამ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარა და ეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51 - მა დეპუტატმა გაიარა.
დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად დაგეგმილი იყო სასამართლო სისტემაში კორუფციისა და სხვა დარღვევების შემსწავლელი საორგანიზაციო კომისიის შექმნა. საუბარია პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში ინიცირებული დადგენილების პროექტის დამტკიცებაზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში „რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა.
საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში, აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ გააქტიურდა.