ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებამ გაუგზავნა მესიჯი სასამართლო სისტემაში მოქმედ "კლანის" წევრებს, რომ ყველანაირი გზით დაიცავენ
19/04/2023 07:24:24 პოლიტიკა
ქვეყანაში საბოლოოდ დაუსვა წერტილი საპარლამენტო ზედამხედველობის პრაქტიკას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ სასამართლოს "კლანი" მართავს“.
„ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, გააუქმა პარლამენტი და დაადასტურა, რომ კლანი, რომელიც ერთის მხრივ სასამართლოზე გავლენას ახდენს და მართავს მას, მეორეს მხრივ, პირდაპირ ექვემდებარება სახელისუფლებო შტოს და ბიძინა ივანიშვილს. პარადოქსულია ამბობდე, რომ დასამალი არაფერი გაქვს, სასამართლო თავისუფალია და უარს ეუბნებოდე ამ გზით საგამოძიებო კომისიის შექმნას და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას. ერთის მხრივ ამბობდე, რომ ეს პროცესი გავლენას მოახდენს მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, რასაც საგამოძიებო კომისია ითვალისწინებს და მეორეს მხრივ, მთელი სახელმწიფო საპარლამენტო რესურსით, მათ შორის, რეგლამენტით, პროცედურული თაღლითობით იცავდე სასამართლო ხელისუფლებას იმისგან, რომ გახდეს უფრო ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე - ეს ერთმანეთთან თავსებადი არ არის. მათ გაუგზავნეს მესიჯი სასამართლო სისტემაში მოქმედ კლანის წევრებს, რომ ყველანაირი გზით გადაეფარებიან და დაიცავენ", - განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის: კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა დეპუტატმა გაიარა.


