ჩუგოშვილი – დეპუტატებს: “რამდენ ხანს არ შეიკრიბებით? დაიშალეთ მაშინ“
19/04/2023 11:52:43 პოლიტიკა
ყოფილი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ კონსტიტუციური მოვალეობების შეუსრულებლობა მიუღებელია.
„წარმოუდგენელია ის, რაც პარლამენტში ხდება“, — ასე ეხმაურება ჩუგოშვილი „ქართული ოცნების“ მიერ ზედიზედ, მეორედ კვორუმის მიზანმიმართულად ჩაგდებას, რათა სასამართლოში არსებულ ვითარებაზე საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას.
„კონსტიტუცია აძლევს უფლებას 50 დეპუტატს, შექმნას საგამოძიებო კომისია და ამ უფლების რეალიზაციისთვის ხელის შეშლა დაუშვებელია! სამართლებრივ სახელმწიფოში კონსტიტუცია უნდა სრულდებოდეს. პარლამენტი აღარ აპირებს თავისი კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებას? დაიშალეთ მაშინ. რამდენ ხანს არ შეიკრიბებით? ან შემდეგზე შუქი ჩააქრეთ, სახანძრო განგაში ჩართეთ… რა ვიცი, მილიონი რამის მოფიქრება შეიძლება“, — წერს ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ხელისუფლება თვითონ უნდა ქმნიდეს კომისიას და იძიებდეს, რა კორუფციული ფაქტებია სასამართლო სისტემაში.
პარლამენტში ინიცირებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით. 18-19 აპრილის სხდომებზე კენჭისყრების დაწყებამდე „ქართულმა ოცნებამ“ რეგისტრაცია არ გაიარა და კვორუმი ხელოვნურად ჩააგდო, რათა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭი ვერ ეყარათ. როგორც „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, ეს არის მმართველი გუნდის „სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“.


