Accentnews.ge
დეგნანი – საგამოძიებო კომისიაზე: „ეს შესაძლებლობაა ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები, რაც ცნობილი იყო წლების განმავლობაში“

დეგნანი – საგამოძიებო კომისიაზე: „ეს შესაძლებლობაა ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები, რაც ცნობილი იყო წლების განმავლობაში“

19/04/2023 14:02:20 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი ეხმიანება მმართველი გუნდის მხდელობას, ხელი შეუშალოს მოსამართლეთა საქმიანობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

მისი თქმით, ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის შესაძლებლობაა, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს – ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას“.

დეგნანი გამოვიდა შეხსენებით, რომ ზოგადად საკანონმდებლო ორგანო მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად არის შექმნილი, ამიტომ არასდროს არ არის სასარგებლო, როდესაც რომელიმე პოლიტიკური პარტია საპარლამენტო სესიას ბოიკოტს უცხადებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის წაახალისებს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მივიდნენ პარლამენტში და უზრუნველყონ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ეს ინსტიტუცია. ასე რომ, სასარგებლო არასდროს არ არის, როდესაც პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სესიებს. ამ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ ვთქვით, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში. მინდა ძალიან ცხადად ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრმა გააკეთა განცხადება, თითქოს ჩვენ არ ვართ კარგად ინფორმირებულები - არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს. ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას, რაც გულისხმობს მათ ჩართულობას კორუფციულ აქტივობაში. ჩვენ ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა, შევაგროვეთ ინფორმაცია, რომლის უმრავლესობა არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, იქამდე, სანამ ამას ჩავუშვებდით სისტემაში, რომელიც მიდის სახელმწიფო მდივნამდე. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა დაამტკიცა ეს შეზღუდვები, რადგან ჩვენ აბსოლუტურად ვიყავით დარწმუნებულები ამის საფუძვლებში. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თავად გამოიძიოს ეს ბრალდებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმავე საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით და სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ჩაატაროს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია და წლების განმავლობაში ცნობილია", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ ბევრი კარგი სამუშაოა გაკეთებული სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი პროგრესი იყო, მაგრამ ბოლო ოთხ წელიწადში პოლიტიკური ნებისყოფის ნაკლებობა ვიხილეთ:

“ეს სავიზო გადაწყვეტილებები საშუალებაა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რათა აჩვენოს კორუფციასთან ბრძოლისადმი თავისი ერთგულება და ნამდვილად დაამკვიდრონ დამოუკიდებელი მიუკერძოებელი სასამართლო.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ ბევრი კარგი სამუშაო გაკეთებულა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი პროგრესი იყო, მაგრამ ბოლო ოთხ წელიწადში პოლიტიკური ნებისყოფის ნაკლებობა ვნახეთ მნიშვნელოვანი რეფორმების გაყოლაზე, რომელიც ნამდვილად გარდაქმნის სასამართლოს დამოუკიდებელ სასამართლოდ.

ამიტომ არსებობს ვენეციის კომისიის ხუთი მოსაზრება, რომლებიც კვლავ და კვლავ იძლევა იმ ნაბიჯების რეკომენდაციას, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რათა მოსამართლეებისთვის ნამდვილად შექმნას დამოუკიდებლად და მოუკერძოებლად მოქმედების სივრცე.

საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს კარგი პროფესიონალი მოსამართლეები. მათ პოლიტიკური ან ბიზნეს პიროვნებების ჩარევის გარეშე სურთ საკუთარი სამუშაოს გაკეთება. და ვფიქრობ, რომ ამას იმსახურებენ. ეს არის ის, რის რეკომენდაციასაც ვიძლევით, რის რეკომენდაციასაც ევროკავშირი იძლევა, რის რეკომენდაციასაც ვენეციის კომისია იძლევა. ერთადერთი, ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გაყოლის პოლიტიკური ნებისყოფის ნაკლებობა არსებობს”.

მეორე დღეა, მმართველი გუნდი რეგისტრაციის არგავლით ცდილობს, ხელი შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას: კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ოპოზიცია ახერხებს კომისიის შექმნას, აქვს რა შესაბამისი რაოდენობის მანდატი, თუმცა ამისთვის საკითხი კენჭისყრაზე უნდა დადგეს, კენჭისყრისთვის კი მუნიმუმ 76–მა დეპუტატმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და სწორედ ამ მექანიზმს იყენებს მმართველი გუნდი მეორე დღეა – არ გადის რეგისტრაციას და არ დგება ქვორუმი. მოტივად მოსამართლეთა მიმართ სოლიდარობას ასახელებენ. მაინც როდემდე გაგრძელდება პროცედურული „ომი“ და პარლამენტის ფაქტობრივი პარალიზება, უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S