Accentnews.ge
"რთულ პროცესებში შევდივართ... დასავლეთი იმოქმედებს არსებული რეალობის გათვალისწინებით"

"რთულ პროცესებში შევდივართ... დასავლეთი იმოქმედებს არსებული რეალობის გათვალისწინებით"

13/11/2019 13:29:54 თვალსაზრისი, ინტერვიუ

„აქცენტის“ ინტერვიუ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან.   

- ბატონო ზაზა, ბიძინა ივანიშვილის დაპირების შემდეგ, რომ ქვეყანა 2020 წლის არჩევნებს პროპორციული სისტემით შეხვდებოდა და შესაბამისი ცვლილებების პროექტს „ქართული ოცნების“ 92-მა დეპუტატმაც მოაწერა ხელი, იყო მოლოდინი, რომ პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლიდა, თუმცა ორი დღეა, მოვლენები სხვაგვარად ვითარდება - საკითხის კენჭისყრა მეორედ გადაიდო. თქვენი დაკვირვებით, რასთან გვაქვს საქმე?

- არც ისეთი გამოუცდელი საზოგადოება ვართ, ვერ ვხვდებოდეთ, რა პროცესი მიდის: ყველა მხარე ცდილობს, “საბანი თავის მხარეს გადაქაჩოს” და რაც შეიძლება, მეტი დაათმობინოს მოწინააღმდეგეს. შესაძლოა, ხელისუფლებამ დათმოს მაჟორიტარები, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ იმეტებს, რადგან მაჟორიტარების პარლამენტში წვრილ პარტიებად შეყვანა დიდი თანხა დაჯდება. თუ დათმეს მაჟორიტარები, აუცილებლად შეეცდებიან, სისტემაში შეინარჩუნონ ის ელემენტები, რომელიც ამ დათმობით გამოწვეული დანაკლისის ანაზღაურების შესაძლებლობას მისცემთ. თავის მხრივ, ოპოზიცია ცდილობს, რომ ეს არ დაუშვას.

- რაც შეეხება მაჟორიტარების მიერ თითქმის ხუთი თვის თავზე დაფიქსირებულ პოზიციას და პროტესტს სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით... ზოგადად, მათ პოზიციას დამოუკიდებლად რამდენად განიხილავთ?

- მაჟორიტარები რომ თითქმის არასდროს იყვნენ დამოუკიდებლები, ყველამ ვიცით, თითოეული მაჟორიტარის უკან რომელიღაც პოლიტიკური ძალა იდგა. 1990-იანი თუ 2000-იანი წლების განმავლობაში შეიძლება, გავიხსენო რამდენიმე ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით სარგებლობდა, თუმცა საბოლოო ჯამში, ასეთებიც რომელიღაც ჯგუფი აღმოჩნდებიან ხოლმე. მმართველი პარტიისთვის მაჟორიტარული სისტემა იყო არაჩვეულებრივი საშუალება, ადგილებზე ემართა სიტუაცია: მათ პოლიტიკურად დიდი უფლებები ჰქონდათ მინიჭებული, რომ ადგილებზე ვითარება მოეგვარებინათ და მოემზადებინათ ახალი არჩევნებისთვის. მაჟორიტარების ამჟამინდელ გაცხოველებაში შესაძლოა, დავინახოთ იმის ნიშანი, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, კიდევ ერთხელ სცადოს ცვლილებების დამუხრუჭება თუ არა, მისი ეფექტის მინიმუმამდე დაყვანა მაინც. ვნახოთ, ამ მცდელობას რა მოჰყვება. ფაქტია, რომ შიგნით ["ქართულ ოცნებაში"] სერიოზული დუღილია და მაჟორიტარების პრობლემის წინაშე მართლაც აღმოჩნდა „ოცნება“. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მაჟორიტარებმა მართლაც ახლა ამოიღეს ხმა და ეს „ქართული ოცნების“ ლიდერშიფისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

- და ამ ვერსიის მიხედვით, მაჟორიტარების მაპროვოცირებელი ახლა რა შეიძლებოდა, ყოფილიყო? არსებობს მეორე ვერსიაც, რომ რეალურად, ბიძინა ივანიშვილს მაჟორიტარების გამოყენებით პროექტის ჩაგდება სურს...

- არ არის გამორიცხული... ან სურს, რაც შეიძლება, ძვირი დაუჯინოს ოპოზიციას ახალ სისტემაზე გადასვლა. ივანიშვილს ახასიათებს პოზიციების ცვლილება და განათლების სამინისტროს ბედი ამაზე ნათლად მეტყველებს [განათლების მინისტრად ახლახანს ყოფილი მინისტრი დააბრუნა].

- ცვლილებების პროექტის ჩაგდების შემთხვევაში რა პროცესებს ელით? პროექტის მოწინააღმდეგეთა რიცხვი ზუსტად არ ვიცით, მაგრამ როგორც ირკვევა, ჩავარდნისთვის 30 დეპუტატის წინააღმდეგობაა საკმარისი...  

- უკვე ნათელია, რომ 2020 წლის არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში ურთულესი იქნება მმართველი გუნდისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. არის “მღვრიე” სიტუაცია, რომლითაც ჯერ-ჯერობით ვერავინ სარგებლობს, ასეთი ძალა არ ჩანს. თუ სარგებლობას დავარქმევთ იმას, რომ ხელისუფლებას მაინც აქვს უპირატესობა არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსითა და ადგილებზე გავლენების სახით, ამ პროცესმა შესაძლოა, ისევ ხელისუფლებას შეეწყოს ხელი. სხვა მხრივ, არ ველი, რომ ეს ზოგადად ქართულ პოლიტიკაში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს. მსგავსი ვითარება პოლიტიკას ახასიათებს: ასეთი იყო 1990-იანი წლების ბოლო, სანამ მიხეილ სააკაშვილი და ახალგაზრდა რეფორმატორების ჯგუფები წამოვიდოდნენ წინა პლანზე; ასეთი იყო 2009-2010-2011 წლები, როდესაც ვერც ერთი ძალა, რომელიც ზედაპირზე ჩანს, ვერ სარგებლობდა კრიტიკულად დიდი ნდობით და ყველას მიმართ ნიჰილიზმი იყო საზოგადოებაში. ეს არის სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება ინარჩუნებს თავის ძალაუფლებას. თუ ამ ვითარებაში გამოჩნდება ვინმე, ვინც შეძლება, ყურადღების კონცენტრირება საკუთარ თავზე მოახდინოს, რა თქმა უნდა, 2020 წელი რთული გადასატანი იქნება დღევანდელი ოპოზიციისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც.

- მაგრამ დღეს გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს. თუ ხელისუფლების რიტორიკას დავაკვირდებით, ისევ ნეგატიურ პოლიტიკურ დღის წესრიგს და ორპოლუსიან გარემოს გვთავაზობს. ამ ვითარებაში შერეული სისტემა ალბათ, ისევ მის წისქვილზე დაასხამს წყალს….

- დიახ. მოგვწონს თუ არა, არსებობს ობიექტური რეალობები და ეს ასე იქნება: „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტორალური რესურსები შეზღუდული აქვს და რთული წარმოსადგენია, რომ მან ეს რესურსი გაასამმაგოს. საქართველოში ასეთი რამ არ მომხდარა, რომ ხელისუფლებიდან წასულ ძალას კრიტიკულად დიდი მხარდაჭერა მოეპოვებინოს. ჩვენთან კოალიციურ-რევოლუციურ რეჟიმში მიდის პოლიტიკური ცხოვრება და რევოლუციამ დამარცხებულის ცნობა არ იცის.

ჯამში აღმოჩნდება, რომ ამომრჩევლების აუცილებელი მინიმუმი მივა საარჩევნო ყუთებთან და მათ შორის დიდი წილი იქნება ადმინისტრაციული რესურსი. ხელისუფლებას აეჭვებდა ჯარში არსებული მდგომარეობა და იქ გაუშვეს ირაკლი ღარიბაშვილი და ა.შ. დღეს არსებული სიტუაცია ლამის გარანტირებულად აძლევს ხელისუფლებას შანსს, შეინარჩუნოს ძალაუფლება, თუმცა შესაძლოა, არა ისეთი უპირატესობით, როგორიც დღეს აქვს.

- გასაგებია, მაგრამ მეორე მხარეს არის დემოკრატიული პროცესი და საერთაშორისო თანამეგობრობა. როგორ ფიქრობთ, ეს ნაბიჯი გაურთულებს ურთიერთობას მმართველ გუნდს ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებთან?

- რა თქმა უნდა, რადგან ყველა ნიშანია იმისა, რომ დასავლეთი დღევანდელი ხელისუფლების მოქმედებებით უკმაყოფილოა. ეს განსაკუთრებით ეხება ანაკლიის პორტს. მართალია, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, სასამართლო უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ დასავლეთისთვის ანაკლიის პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნალოვანესი პროექტი გახლავთ და მისი ასე დამუხრუჭება ასევე მნიშვნელოვანი სიგნალია დასავლეთისთვის: ხელისუფლება ან ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ხელს უშლიან დასავლეთისთვის მნიშვნელოვან პროექტს. რთულ პროცესებში შევდივართ. დასავლეთი რუსეთი არ გახლავთ და ის არ ჩაერევა ჩვენს შიდა პროცესებში, მაგრამ იმოქმედებს არსებული რეალობის გათვალისწინებით. ეს კი აისახება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე, უპირველესად ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ვხედავთ, რომ წმინდა ეკონომიკური აზროვნების თვალსაზრისით, ხელისუფლება ღატაკია და ეს ეკონომიკური აზროვნება ჩვენს თვალწინ დავიდა ტურიზმის როლის ჰიპერტროფირებაზე, მარიხუანას კულტივაციის განუხორციელებელ იდეაზე და ა.შ. და ხელისუფლებას ნაბიჯიც არ გადაუდგამს ჩვენი მთავარი რესურსის – გეოპოლიტიკური მდგომარეობის, ანუ იმის განსავითარებლად, რამაც შეიძლება, საკვანძო ცენტრად გვაქციოს საკმაოდ დიდი რეგიონისთვის: შუა აზიისთვის, აღმოსავლეთ ევროპისთვის და ა.შ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კაპიტალი, რომელსაც ვფლობთ და რომლის გამოყენების წინააღმდეგია რუსეთი. ხელისუფლება კი ძალიან მცირე ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით.

- როგორ ფიქრობთ, რითაა ეს განპირობებული?

- არ ვიტყვი, რომ ივანიშვილი “რუსეთის კაცია”, როგორც ამბობენ, მაგრამ იგი ძალიან ფრთხილია მოსკოვთან მიმართებაში, ძალიან უფრთხილდება თავის კონტაქტებს, არ უნდა მათთან ვითარების გამწვავება და როგორც ჩანს, რუსებს მასზე ზემოქმედების ბერკეტებიც აქვთ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S