ფრიდი: "აშშ შეშფოთებულია ქართული დემოკრატიის მდგომარეობით და შესაძლოა, სავიზო აკრძალვას დამატებითი ნაბიჯები მოჰყვეს"
20/04/2023 07:30:12 პოლიტიკა
ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების პოლიტიკის შემუშავების ყოფილი მთავარი აქტორი დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ "აშშ შეშფოთებულია ქართული დემოკრატიის მდგომარეობით, შესაძლოა, 4 ქართველი მოსამართლისთვის სავიზო აკრძალვას დამატებითი ნაბიჯები მოჰყვეს". ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ისაუბრა.
"ტექნიკური კუთხით, ეს მხოლოდ სამოგზაურო შეზღუდვაა. ასეთი სამოგზაურო შეზღუდვა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ხშირად გამოიყენება როგორც გამაფრთხილებელი ნიშანი. ეს არაა სანქცია იმ გაგებით, რომ ამ ოთხ პირს არ აქვს ქონება გაყინული, ამერიკელებს არ ეკრძალებათ მათთან ბიზნეს-ურთიერთობა. ეს არაა ფინანსური სანქცია. მაგრამ ესაა საჯაროდ გამოცხადებული სავიზო აკრძალვა და სიგნალი იმის შესახებ, რომ ამერიკა შეშფოთებულია ზოგადად ქართული დემოკრატიის მდგომარეობით და შესაძლებელია, რომ ამას დამატებითი ნაბიჯები მოჰყვეს. არ ვიცი რა იქნება ეს, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, რას გააკეთებს საქართველო. ტერმინი სანქცია, თავისი ფართო განმარტებით, შეიძლება მოიცავდეს სწორედ ასეთ სავიზო შეზღუდვასაც. ეს არაა ისეთი ყოვლისმომცველი, სრულმასშტაბიანი დამბლოკავი ფინანსური სანქცია, რომელსაც ამერიკის ხაზინა გამოსცემს ამერიკის მთავრობისთვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გარკვეული ტიპის სანქციაა. რა გინდათ ამას დაარქვათ, ეს თქვენზეა დამოკიდებული. მაგრამ ტექნიკურად შეცდომა არაა, რომ ამას სანქცია ვუწოდოთ. გადაწყვეტილება სავიზო აკრძალვის შესახებ ქართველი ან ნებისმიერი სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, მოითხოვს მაღალი რანგის, სახელმწიფო დეპრატამენტის ოფიციალური პირის განსაზღვრებას. თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნებოდა კოორდინირებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლებთანაც, სავარაუდოდ ხაზიანასთანაც, არა იმიტომ, რომ ეს ფინანსური სანქციაა, არამედ იმიტომ, რომ ხაზინამ უნდა იცოდეს, რას აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამასთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტში ეს იქნებოდა დადასტურებული ძალიან მაღალ დონეზე. იქნება ეს სახელმწიფო მდივანი, მისი პირველი თუ მეორე მოადგილე, ვიქტორია ნულანდი. არ შემიძლია ზუსტად გითხრათ, მაგრამ ამ თემაზე იქნებოდა მაღალი რანგის დისკუსიები.",- ამბობს ფრიდი.
დენიელ ფრიდი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეც საუბრობს:
"ზოგადად, საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის თაობაზე შეშფოთება, იზრდებოდა. საქართველოს მეგობრები შეშფოთებულნი არიან მთავრობის მიერ არჩეული კურსით. ეს ყველაფერი მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობა მიემართებოდა ავტორიტარული მიმართულებით [...] რაც შეეხება ივანიშვილს მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ იმოქმედებს საქართველოზე მისი გავლენა, რა მიმართულებით წაიყვანს მას. ის არ უნდა უყურებდეს ცინიკურად ან „მრუდე სარკიდან“ ამერიკის შეერთებულ შტატებს. იმედი მაქვს, ბატონი ივანიშვილი სერიოზულად მიუდგება იმას, რასაც აშშ ამბობს".


