5 დეზინფორმაცია უკრაინის ეკლესიასა და მსოფლიო პატრიარქზე

21-04-2023 13:41:12 მითები და რეალობა

28 მარტს ფეისბუქ გვერდმა “სოლიდარობა მშვიდობისთვის – ახალი სივრცე” გადაცემის “ანალიტიკა – სოლიდარობის პლატფორმაზე” ფრაგმენტი გამოაქვეყნა. გადაცემის სტუმარმა დავით ახვლედიანმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ისაუბრა, რა დროსაც რამდენიმე მტკიცება გაახმოვანა. კერძოდ:

უკრაინის ეკლესია რუსული ეკლესიის წიაღში იყო და მას იმაზე მეტი ავტონომია ჰქონდა, ვიდრე ტომოსის გადაცემის შემდეგ აქვს;

უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემა ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო;

კიევისა და სრულიად უკრაინის ამჟამინდელი მიტროპოლიტი ეპიფან დუმენკო მღვდლად უკრაინის ეკლესიის გახეთქილებაში მყოფმა ფილარეტმა აკურთხა, “განდეგილის” მიერ მღვდელდასმა კი დაუშვებელია;

ეპიფან დუმენკო მიტროპოლიტად კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აკურთხა

მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი რომელიმე სხვა პატრიარქზე მეტად პრივილეგირებული არ არის, მას მხოლოდ ნომინალური პირველობა ანუ რაიმე პრობლემური საკითხის გადაწყვეტის ინიცირების უფლება აქვს.

დეზინფორმაცია N1: უკრაინის ეკლესია რუსული ეკლესიის წიაღში იყო და მას იმაზე მეტი ავტონომია ჰქონდა, ვიდრე ტომოსის გადაცემის შემდეგ აქვს

ქალაქი კიევი უძველესი დროიდან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სამიტროპოლიტოს წარმოადგენდა. მე-17 საუკუნეში, რამდენადაც გეოპოლიტიკური ვითარების გამო, კონსტანტინოპოლს არ შეეძლო ხელი დაესხა (ეკურთხებინა) კიევის მიტროპოლიტისთვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიევის მიტროპოლიტი ხელდასხმულიყო მოსკოვის პატრიარქის მიერ, ეს ყველაფერი კი დეტალურადაა გაწერილი 1686 წლის საპატრიარქო და სინოდალურ გადაწყვეტილებაში. ამ გადაწყვეტილებიდან განსაკუთრებით საინტერესოა ორი ადგილი, სახელდობრ პირველი: «ἡ τοῦ Κιόβου ἐπαρχία δια το εἶναι ὑποκειμένη ὑπο τον ὑψηλότατον και ἁγιώτατον οἰκουμενικον θρόνον τῆς Κωνσταντινουπόλεως, την τοῦ ἀρχιερέως αὐτῆς χειροτονίαν ὡς ἀείποτε περι τούτου ἐλάμβανε.» მოხმობილი ფრაზიდან ვიგებთ, რომ კიევის სამიტროპოლიტო (ეპარქია) იყო და რჩება კონსტანტინოპოლის საყდრის უშუალო მზრუნველობის ქვეშ. დედანში მეორე ადგილი შემდეგნაირად ჟღერს: «ἡ ἁγιωτάτη ἐπαρχία Κιόβου εἰη ὑποκειμένη ὑπο τοῦ ἁγιωτάτου πατριαρχικοῦ θρονου τῆς μεγάλης και θεοσώστου πόλεως Μοσχοβίας, χειροτονεῖσθαι δηλαδη μητροπολίτην Κιόβου.» აღნიშნული ციტატიდან კი ვიგებთ, რომ მოსკოვის პატრიარქს უფლება მიეცა ხელი დაესხა კიევის მიტროპოლიტისთვის, თუმცა, კიევის მიტროპოლიტი კვლავ რჩებოდა მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში. დოკუმენტის თანახმად:

„კიევის მიტროპოლიტი ამ ეპარქიაში საღმრთო, წმიდა უსისხლო მსხვერპლის მიტანისას, იხსენიებდეს უპირველესად მსოფლიო პატრიარქის პატიოსან სახელს, რომელიც არის ყველა დასახლების და ეპარქიის წყარო, სათავე და განმგებელი, ხოლო შემდეგ მოიხსენიებდეს მოსკოვის პატრიარქის სახელს, როგორც მისი მოძღვრის.“

ამ გადაწყვეტილების თანახმად, მოსკოვისადმი ხელდასხმის უფლება იყო დაშვებისა და იკონომიის წესით (οἰκονομικῶς) გადაცემული, რაც ავტომატურად ნიშნავდა ამ უფლების დროებით ხასიათს. შესაბამისად, ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, კიევის სამიტროპოლიტო მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში არც ყოფილა. მისთვის, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ხელდასხმის უფლება მხოლოდ დროებით იყო გაცემული, 2018 წელს კი ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა.

დაუსაბუთებელია ასევე მტკიცება, თითქოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, ტომოსის თანახმად, დამოუკიდებლობით ბევრად ჩამოუვარდება მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ მიტროპოლიტ ონუფრის ეკლესიას. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს უკრაინის ე.წ. დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაური იყო რუსული ეკლესიის სინოდის წევრი და გარკვეული პატივით სარგებლობდა.

რაც შეეხება იმას, თუ რა წერია 2018 წლის ავტოკეფალიის ტომოსში, ტექსტში ვკითხულობთ, რომ ამიერიდან უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უხელმძღვანელებს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი, რომლის იურისდიქციაც გავრცელდება უკრაინის საზღვრებში არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე:

„მთელი, პოლიტიკურად შემდგარი და საბოლოოდ დამოუკიდებლობა მიღწეული უკრაინის საზღვრებში მოქცეული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სამიტროპოლიტოებით, სამთავარეპისკოპოსოებითა და საეპისკოპოსოებითურთ, მონასტრებითა და სამრევლოებითურთ, ასევე − მასში ყოველი საეკლესიო დაწესებულებითურთ, რომელიც ქვემდებარედ მოქმედებს ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ღმერთკაცისა, უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესათვის, ამიერითგან დაე, არსებობდეს, როგორც კანონიკურად ავტოკეფალური, დამოუკიდებელი და თვითმმართველი, ხოლო საეკლესიო საქმეებში პირველ მღვდელმთავრად ამიერითგან სცნოს კანონიკური მღვდელმთავარი − „კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი“. […]მისი თავმჯდომარეობით ეკლესიის წმინდა სინოდი შეიკრიბება როტაციის წესით, ექვსი წევრის შემადგენლობით უკრაინის გეოგრაფიულ საზღვრებში მღვდელთმთავართა უხუცესობის უპირატესობით, რაკი ამ ქვეყანაში შესაბამისი მმართველობა შემოიზღუდება, თანახმად წმიდათა ღმრთიული კანონების განცხადებისამებრ, თავისუფლად, სულიწმინდით და დამოუკიდებლად, ყოველგვარი უცხო ჩარევის გარეშე. […]არსებითად მისი იურისდიქცია შემოიფარგლებოდეს უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე; ავტოკეფალური ეკლესიის ხელმწიფების ყოველ უპირატესობასა და უფლებებს ვანიჭებთ მას, რათა მღვდელმსახურებისას მოიხსენიებდეს „ყოველ მართლმადიდებელ საეპისკოპოსოს“, მისდამი რწმუნებული უწმინდესი მღვდელმთავრების დასი კი მოიხსენიებს მისი წინამძღოლის სახელს, როგორც პირველ მღვდელმთავარსა და უკრაინის უწმინდესი ეკლესიის წინამძღოლს.ჩვენდამი რწმუნებული ქრისტეს დიდი ეკლესია აკურთხებს და განაცხადებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალურად;“

დეზინფორმაცია N2: უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემა ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო

დავით ახვლედიანი გადაცემაში ასევე ამბობს, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემა ერთპიროვნულად მოხდა. მოვლენათა ქრონოლოგია კი ასეთია:

უკრაინის მოსახლეობამ, პეტიციის სახით მიმართა უკრაინულ რადას, რომ გადაედგათ კონკრეტული ნაბიჯები, რათა უკრაინას ჰქონოდა ავტოკეფალური ეკლესია. უკრაინის ხელისუფლებამ უკრაინის მოსახლეობის ეს მოთხოვნა გაითვალისწინა და 2018 წლის 22 აპრილს, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ხელმძღვანელობით, საზოგადოების ეს თხოვნა და ხელისუფლების მზაობა მსოფლიო საპატრიარქოს პირადად აცნობა. მსოფლიო საპატრიარქომ ლეგატები გააგზავნა უკრაინაში, რათა მათ ადგილზე შეესწავლათ საკითხი და დეტალურად გასცნობოდნენ ვითარებას. 2018 წლის 15 დეკემბერს კიევში, აია სოფიას ისტორიულ ტაძარში გაიმართა კრება, რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინაში არსებული სამი მართლმადიდებლური კრებულის წარმომადგენლები, სახელდობრ: UOC-KP (სრულად), UAOC (სრულად) და UOC-MP (ნაწილობრივ, მხოლოდ 2 ეპისკოპოსი). ამ კრებაზე გადაწყდა, რომ მომხდარიყო გაერთიანება, ამ გაერთიანებული ეკლესიისთვის ეხელმძღვანელა მიტროპოლიტ ეპიფანე დუმენკოს და სწორედ ამ ეკლესიას მიეღო ავტოკეფალიის ტომოსი მსოფლიო საპატრიარქოსგან, რაც ასეც მოხდა. ამგვარად, ამ კონკრეტულ ვითარებაში გამოჩნდა, რომ ტომოსის გადაცემა ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ ყოფილა და ეკლესიის ავტოკეფალიის მოთხოვნა უკრაინის მოსახლეობის, ხელისუფლებისა და სასულიერო პირების მხრიდან მოდიოდა, რომელსაც მსოფლიო საპატრიარქომ მხარი დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრველი გაიზარდა. ავტოკეფალიის საკითხზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველი პუბლიკაცია: პოროშენკოს როლი უკრაინის ავტოკეფალიის პროცესში – დაარღვია თუ არა მან უკრაინის კონსტიტუცია?

დეზინფორმაცია N3: კიევისა და სრულიად უკრაინის ამჟამინდელი მიტროპოლიტი ეპიფან დუმენკო მღვდლად უკრაინის ეკლესიის გახეთქილებაში მყოფმა ფილარეტმა აკურთხა, “განდეგილის” მიერ მღვდელდასმა კი დაუშვებელიაეკლესიის ისტორიაში არაერთი ფაქტობრივი მონაცემი არსებობს, როდესაც სქიზმაში (განხეთქილებაში) მყოფი ეპისკოპოსის მიერ ხელდასხმული სასულიერო პირები საეკლესიო წიაღს შემოუერთდნენ და მათზე „განმეორებითი ქიროტონია (ხელდასხმა) არ ასრულებულა.“ 1- მილიის მიერ გამოცემული ოქმების მეორე ტომის 991-3 გვერდებზე დადასტურებულია კონსტანტინეპოლის ეპისკოპოს მიქაელის სინოდის განჩინება (1147), რომელიც აკრიტიკებს ვალვისის ეპისკოპოს ლეონიდეს, ამ მღვდელთავარმა ხელახლა მონათლა ბავშვი, რომელიც უკვე იყო მონათლული განკვეთილი მღვდლისაგან; 2- ბასილი დიდს იმდენად სჯეროდა, ერთხელ სწორად აღსრულებული ხელთდასხმა მეორედ რომ აღარ საჭიროებდა აღსრულებას, რომ არ ირწმუნა, როდესაც გაიგო, რომ არიანელმა სევასტიის ეპისკოპოსმა ევსტათიმ ხელმეორედ დაასხა ხელი მავანთ; 3- დიმიტრი ვერნადაკის მიერ შედგენილ კატექეტურ სახელმძღვანელოში, რომელიც დამტკიცებულ იქნა 1872 წლის სინოდალური განჩინებით, ვკითხულობთ: „როგორც ერთია ნათლობა და არ მეორდება იგი, ამგვარადაც მღვდლობის საიდუმლო არის ერთი, რადგან ენიჭება ერთხელ და წარუხოცელად რჩება იმაზე, ვისაც მიენიჭა ეს მადლი, ამგვარად, ხელთდასხმა ან დადგინება ხდება ერთხელ და იგი არ განმეორდება. საკმარისია მხოლოდ, რომ შესრულებული იყოს კანონიკურად, თუნდაც არამართლმადიდებლების მხრიდან“; 4- VII მსოფლიო კრება (786) იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც ხატთმებრძოლობის მწვალებლობიდან მოექცნენ, მწვალებელთა მიერ იყვნენ ხელთდასხმულნი და დღის წესრიგში მათი სამღვდელო ხარისხით დაბრუნების საკითხი დადგა, ძველი სინოდური და პატერიკებისეული მაგალითებისა და მტკიცებულებების ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, სიხარულით დათანხმდა მიღებაზე და მხოლოდ „ლიბელონის“ გადაცემისა და მწვალებლობის შეჩვენების შემდეგ საეპისკოპოსო კათედრებზე დაადგინა ისინი.

დეზინფორმაცია N4: ეპიფან დუმენკო მიტროპოლიტად კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აკურთხამსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს, ეპიფანე დუმენკო მიტროპოლიტად არ უკურთხებია, როგორც ამას დავით ახვლედიანი ამტკიცებს და ასეთი ლიტურგიკული აქტი საერთოდ არ არსებობს. ეკლესიაში არსებობს ეპისკოპოსად კურთხევის წესი, რომელიც ევქარისტიის მსახურებაშია ჩართული, მაგრამ მიტროპოლიტად კურთხევის საიდუმლო არ გვაქვს. მეორეც, პატრიარქ ბართლომეოსს ეპიფანე დუმენკო არც ეპისკოპოსად არ უკურთხებია და ზოგადადაც, მასზე არცერთი საიდუმლო არ აღუსრულებია. 2013 წლიდან იგი უკვე იყო მიტროპოლიტი (UOC-KP), ხოლო 2018 წლის 15 დეკემბერს კი უკრაინის გამაერთიანებელი კრების მიერ, იგი გამორჩეულ იქნა კიევის მიტროპოლიტად. შესაბამისად, პატრიარქ ბართლომეოსს მის „მიტროპოლიტად კურთხევასთან“ კავშირი არ და ვერ ექნებოდა.

დეზინფორმაცია N5: მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი რომელიმე სხვა პატრიარქზე მეტად პრივილეგირებული არ არის, მას მხოლოდ ნომინალური პირველობა ანუ რაიმე პრობლემური საკითხის გადაწყვეტის ინიცირების უფლება აქვსაღსანიშნავია, რომ ეს საკითხი პიროვნულად ბართლომეოსს კი არ უკავშირდება, არამედ, კონსტანტინოპოლის საყდარს (მსოფლიო საპატრიარქოს) და შესაბამისად, ეკლესიის ისტორიიდან გამომდინარე უნდა შევამოწმოთ, რით ან რამდენად იყო კონსტანტინოპოლის საყდარი პრივილეგირებული და იყო თუ არა ეს პრივილეგია ნომინალური. კონსტანინოპოლის საყდარი, აღმოსავლეთის (მართლმადიდებელი) სხვა ეკლესიებთან შედარებით არის პატივით უპირატესი, აქვს ე.წ. „ენდიმუსა კრების“ მოწვევის უფლება (ესაა საეკლესიო კრების სახე, რომელიც, მსოფლიო კრებების ეპოქის დასრულების შემდეგ, თვისობრივად განსხვავდება ყველა სხვა ტიპის კრებისაგან) და აქვს აპელაციის უფლება. ჩვენი მსჯელობა რომ კონკრეტული ფაქტებით გავამყაროთ, მოვიხმობთ კონსტანტინოპოლის საყდრის ერთ-ერთი უპირატესობის – აპელაციის, ე.ი. საჩივრის მიღების უფლების შესახებ ისტორიულ მაგალითებს. 1- პროკლე კონსტანტინოპოლელი კანონიერად თვლის ალექსანდრეს ანტარადოს ეპისკოპოსად არჩევას. ეს საქმე კონსტანტინოპოლის საყდრის წინაშე თვითონ ალექსანდრემ წარადგინა; 2-პატრიარქი ლუკა ქრისოვერგი (1157-1170) აუქმებს ამათუნდოს ეპისკოპოსის განკვეთას კვიპროსში, რომელმაც მიმართა კონსტანოტონოპოლს; 3- კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დიონისემ (1672) განკვეთა ანტიოქიის პატრიარქი კირილე ანტიოქიის საპატრიარქოს მიტროპოლიტების მოთხოვნის შემდეგ. იგივე პატრიარქმა გაამართლა კვიპროსის დასჯილი პატრიარქი ნიკიფორე, „მსოფლიო კრიტერიუმის“, ანუ კონსტანტინოპოლის საყდრის წინაშე აპოლოგიის შემდეგ; 4-კონსტანტინოპოლის პატრიარქი ანთიმოზი (1872) წმინდა საფლავის საძმოს თხოვნის შემდეგ ამტკიცებს იერუსალიმის პატრიარქი კირილეს ტახტიდან გადაყენებას.

ეკლესიის ისტორიიდან, მსგავსი არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ კოსტანტინოპოლის საყდრის უპირატესობა არ მდგომარეობს მხოლოდ ნომინალურ პირველობაში.

წყარო: mythdetector.ge/

ახალი ამბები

სხვა სიახლეები