სუდანში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
24/04/2023 05:52:59 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სუდანში მყოფი საქართველოს მოქალქეები ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაყვანილი იქნენ მეტად უსაფრთხო ადგილას, საიდანაც განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია.
უწყების ცნობით, სამინისტროს და დამსაქმებელი კომპანიის ერთობლივი მუშაობით მოხერხდა ცხელი წერტილიდან, სადაც მუდმივი შეტაკებები მიმდინარეობს, საქართველოს მოქალქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.
"ამჟამად მოქალქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში. უწყება აგრძელებს მუშაობას მათი სუდანიდან სრული ევაკუაციისთვის", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ცნობისთვის: 16 აპრილის ღამეს სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებსა" და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირება დაიწყო. სუდანის არმიამ დედაქალაქის მიმდებარედ ომდურმანში, "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, სუდანში შეტაკებების დროს დაღუპულთა რაოდენობა 400-ს აჭარბებს, დაშავებულების – 2 600-მდე გაიზარდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამჟამად სუდანში საქართველოს 30-მდე მოქალაქეა ჩარჩენილი. კერძოდ, სამუშაო მივლინებით სუდანში ორი ავიაკომპანიის - MyWay Airlines-ის 13 და Geosky-ის 20 თანამშრომელი - მფრინავები, ბორტგამცილებლები და ინჟინრები იმყოფებიან.
23 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია განახორციელეს. გუშინვე სუდანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ და იტალიამ.
მანამდე, შაბათს 150-ზე მეტი მოქალაქის, დიპლომატისა და სხვა ოფიციალური პირების ევაკუაცია განხორციელდა, რომლებიც, ძირითადად, სპარსეთის ყურის ქვეყნების, ასევე ეგვიპტის, პაკისტანისა და კანადის მოქალაქეები იყვნენ.


