ევროკავშირის ელჩი - ჯერ კიდევ არის დრო წინსვლისთვის, იმის უზრუნველყოფისთვის, რომ სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომელიც რთული და გამოწვევებით სავსეა, პროგრესი განიცადოს
24/04/2023 07:07:40 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში რეფორმებს, მათ შორის მართლმსაჯულების მიმართულებით.
მისი თქმით, ჯერ კიდევ არის დრო იმის უზრუნველყოფისთვის, რომ სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომელიც რთული და გამოწვევებით სავსეა, პროგრესი განიცადოს.
„ჩვენ ქართულ მხარესთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ რეფორმების განხორციელებაზე. სასამართლო სისტემის რეფორმაზე მუშაობა პარლამენტშიც მიმდინარეობს. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ამ რეფორმას. კვლავ ვიტყვი, რომ მიღწეული პროგრესის შეფასება მოხდება მიმდინარე წლის ოქტომბერში გაფართოების ანგარიშის ფორმით და შემდეგ, 27 წევრი სახელმწიფო, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე, შეაფასებს საქართველოს პროგრესს, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმის კუთხით, მიმდინარე წლის დეკემბერში. ჯერ კიდევ არის დრო წინსვლისთვის, იმის უზრუნველყოფისთვის, რომ რეფორმებმა, რომელიც რთული და გამოწვევებით სავსეა, პროგრესი განიცადოს“, - აღნიშნა ელჩმა.


