მინისტრის მოადგილე - სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო
24/04/2023 08:48:22 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია.
„გუშინ საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ლოკაციაზე იყვნენ გადაყვანილი სუდანის დედაქალაქში. მათი ევაკუაციის პროცესი სამშობლოში უკვე დაწყებულია. აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოს საელჩო ეგვიპტეში. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნება. მუდმივ კავშირზე ვართ კომუნიკაციასა და კოორდინაციაში კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან,“- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
ცნობისთვის: 16 აპრილის ღამეს სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებსა" და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირება დაიწყო. სუდანის არმიამ დედაქალაქის მიმდებარედ ომდურმანში, "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, სუდანში შეტაკებების დროს დაღუპულთა რაოდენობა 400-ს აჭარბებს, დაშავებულების – 2 600-მდე გაიზარდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამჟამად სუდანში საქართველოს 30-მდე მოქალაქეა ჩარჩენილი. კერძოდ, სამუშაო მივლინებით სუდანში ორი ავიაკომპანიის - MyWay Airlines-ის 13 და Geosky-ის 20 თანამშრომელი - მფრინავები, ბორტგამცილებლები და ინჟინრები იმყოფებიან.
23 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია განახორციელეს. გუშინვე სუდანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ და იტალიამ.
მანამდე, შაბათს 150-ზე მეტი მოქალაქის, დიპლომატისა და სხვა ოფიციალური პირების ევაკუაცია განხორციელდა, რომლებიც, ძირითადად, სპარსეთის ყურის ქვეყნების, ასევე ეგვიპტის, პაკისტანისა და კანადის მოქალაქეები იყვნენ.


