ნიკა მელია – პარტიის გამიზნულად დასუსტებისკენ მიმართული ნაბიჯები ვერ დარჩება უპასუხოდ
24/04/2023 08:58:50 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ბათუმის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ პარტიის ახალი მენეჯმენტი თავად ამყარებს რეჟიმს და შიდა არჩევნების დროს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს დევნის.
როგორც ნიკა მელია ამბობს, ეს ნაბიჯები მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩვისა და დასუსტებისაკენ, რაც უპასუხოდ ვერ დარჩება.
„მაშინ როდესაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა საუბრობს ერთობაზე და ამტკიცებს, რომ პარტიის კარები ღიაა ყველასათვის, ვისაც უნდა ბრძოლა ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს! იწყებს რეპრესიას დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს, ღიად მიუთითებს, რომ მათთვის არ არიან მისაღები ადამიანები, რომელთაც აქვთ პოზიცია, აჩვენებს ყველას, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ მორჩილება.
ამ ყველაფრით კი ბათუმში ფაქტობრივად ხალხს აგდებენ პარტიიდან, ხალხს, რომელიც 10 წელი ოპოზიციიდან დაუღალავად იბრძოდა და გაიმარჯვა ბათუმში! ეს ხალხი იბრძოდა ღირსებით და იბრძოდა სიმართლისათვის, ოლიგაქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩვისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაქსაქსვისა და დაზარალებისაკენ ვერ დარჩება უპასუხოდ!
საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, ამისათვის კი ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ღირებულებითი არჩევანი და ვიაროთ ღირსებისა და სიმართლის გზით, მხოლოდ ეს გზა დაამარცხებს ოლიგარქიას და ავტოკრატიას, მხოლოდ ამ გზას შეიძლება მივყავდეთ მომავლისკენ!“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
ენმ-ს აქტივისტების თქმით, პარტიის ახალმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ცესკოს უკვე გაუგზავნა წერილი, სადაც პარტიული სიიდან იმ ოთხი ამოღებას ითხოვს, რომლებიც ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს.


