IRI – გამოკითხულთა 87% ქვეყნის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს
25/04/2023 09:47:23 პოლიტიკა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მთავარ საგარეო პოლიტიკურ [87%] თუ ეკონომიკურ [76%] საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.
გარდა ამისა, წინა წლის სექტემბრის გამოკითხვასთან შედარებით, შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც რუსეთთან შემდგომ დიალოგს ემხრობა – 59%-დან [34% – სრულად, 25% – ნაწილბროვი] 53-მდე [26% – სრულად, 27% – ნაწილბროვი].
გამოკითხულთა ნახევარი [20% – ნაწილობრივ, 30% – სრულად] საქართველოს მთავრობის რუსეთთან ურთიერთობას უარყოფითად აფასებს. 40%-ს [10% – სრულად, 30% – ნაწილობრივ] დადებითი შეფასება აქვს, 10%-მა უარი თქვა პასუხზე ან პოზიცია არ აქვს. წინა წლის სექტემბერთან შედარებით, პოზიტიური განწყობის უარყოფითი ცვლილება ცდომილების ზღვარშია.
საქართველო-რუსეთის ამჟამინდელი ურთიერთობის გათვალისწინებით, გამოკითხულთა 54% [39% – ნაწილობრივ, 15% – სრულად] საქართველოში ცხოვრებით უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ასეთი აზრის მქონე გამოკითხულთა რიცხვი სექტემბრის კვლევასთან შედარებით გაზრდილია ხუთი პროცენტული პუნქტით.
კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 76% მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ ისევ გრძელდება. 17% მიიჩნევს, რომ აგრესია დასრულდა, მაგრამ სავარაუდოდ, განახლდება. 5% ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ დასრულდა და არ განახლდება, ხოლო 3% უარს ამბობს პასუხის გაცემაზე/არ იცის პასუხი.
ცნობისთვის: IRI-ს კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.


