Accentnews.ge
"ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს, რომელიც ემსახურება გამოსავლის მოძებნას, როგორ შეინარჩუნოს „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება"

"ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს, რომელიც ემსახურება გამოსავლის მოძებნას, როგორ შეინარჩუნოს „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება"

14/11/2019 08:13:39 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, ქვეყანა ძალიან ცუდ შედეგებამდე მივა. 

„ბოლო სამი დღეა, ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს ამ საკითხის სხვადასხვანაირად ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. ეს სპექტაკლი, არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული და შეიცავს სრულ ფარსს, საზოგადოების შეყვანას შეცდომაში, მის გაუგებრობაში გადაყვანას. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ემსახურება ისევ და ისევ გამოსავლის მოძებნას, თუ როგორ შეინარჩუნოს „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება. ჩვენ გვინდა მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდოთ, რომ შეეშვით ამ სპექტაკლის გაგრძელებას, რომელიც როგორც ჩანს, მრავალსერიანია, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ მიეცით ქართულ საზოგადოებას. ნუ ეთამაშებით ცეცხლს, რამეთუ ყველაფერი ეს შეიძლება დამთავრდეს ძალიან ცუდად, ცუდად პირველ რიგში თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ქვეყანაში შეიძლება შეჩერდეს დემოკრატიული პროცესების განვითარება და ჩვენ შეიძლება მივიღოთ სერიოზული ქაოსი არა მარტო პოლიტიკური, არამედ სხვა ქაოსიც. ამიტომ მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ, დღეს მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და შეასრულოთ დაპირება, რომელიც ასეთი დიდი პროტესტის შედეგად არის მოპოვებული“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

პარლამენტში 12 საათზე დანიშნული სხდომის წინ, „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში უმრავლესობის შეკრება გაიმართა. პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ასეთი შეხვედრა წინ უძღოდა პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომასაც, თუმცა, გუშინ პარლამენტში კენჭისყრა გადაიდო. უმრავლესობის ლიდერებმა მიზეზად ის დაასახელეს, რომ არსებობდა კანონპროექტის ჩავარდნის რისკი.

საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

საპარლამენტო უმრავლესობაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს რიგმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა. 

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. 

ბოლო სამი დღეა სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან მართავენ აქციებს სახელწოდებით „არ გაბედო ჩაგდება“.



ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S