"ოცნების" რეაქცია IRI-ს კვლევის შედეგების შესახებ: "არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ამ აბსურდულ, ბრტყელ ციფრებს ვენდოთ"
25/04/2023 11:53:51 პოლიტიკა
"ქართულ ოცნებაში" ეხმიანებიან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, "საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო".
"არანაირი საფუძველი, რომ ვენდოთ ამ აბსურდულ ბრტყელ ციფრებს, არ არსებობს", - ასე აფასებს მმართველი პარტიის წევრი გივი მიქანაძე IRI-ს კვლევის შედეგებს.
მისივე თქმით, "ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ნეიტრალური თვალსაზრისით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, აშკარად მიხვდება, რომ ეს არის მიკერძოებული, სუბიექტური და ყოველგვარ საფუძველს გამოცლილი რეიტინგები".
„ამის მარტივი და ნათელი დადასტურებაა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ვერანაირად მოემატებოდა მხარდაჭერა, პირიქით, კლებაში არის და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ეს თვითონაც კარგად იციან. ამის ძალიან მარტივი დამადასტურებელი არის მცდელობები, რომელიც სრული ფიასკოთი დამთავრდა, რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომ ჩაეტარებინათ სხვა და სხვა სახის აქციები, რეგიონებსა და ქალაქებში. ასევე, ის მთავარი ე.წ. აქცია, რომელიც მათ 9 აპრილს დაამთხვიეს ვნახეთ, რომ ეს იყო აბსოლუტურად ყველანაირი მოლოდინის გაწბილება მათთვის, თუმცა ეს არის რეალობა, ეს არის ქართული საზოგადოების პასუხი ამ რადიკალური ფრთის მიმართ და იმ პოლიტიკისა და მიზნების მიმართ, რომელმაც საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და საზოგადოება მიხვდა, თუ რა მიზნებს და მოტივებს ემსახურებიან ისინი. ამიტომ, IRI-კვლევაში წარმოდგენილი ციფრები აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაც დღეს საზოგადოებასთან მიმართებაში არსებობს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის კუთხით და რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი, რომ ვენდოთ ამ აბსურდულ ბრტყელ ციფრებს, არ არსებობს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ "არაერთხელ გამოჩნდა, რომ IRI–ს კვლევის შედეგები აცდენილი იყო რეალობას".
მისი შეფასებით, რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, ნებისმიერ მათ მხარდამჭერს გაუჭირდება ამ შედეგების დაჯერება ისე, როგორც არის წარმოდგენილი.
„პირველ რიგში გვსურს ჩვენი პატივისცემა დავუდასტუროთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს საქართველოსთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, აქ ცხადია, არათუ ჩვენ, პოლიტიკური გუნდის წევრებს, არამედ ნებისმიერ ჩვენს მხარდამჭერს გაუჭირდება ამ შედეგების დაჯერება და მიღება ისე, როგორც არის წარმოდგენილი. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, როდესაც დაშლის პირას არის და შიგნით გაყოფა/გადანაწილებით არის დაკავებული, უბრალოდ წარმოუდგენელია ამ რეიტინგითაც კი რომ იყოს ასახული საზოგადოების განწყობაში. შესაბამისად, რთულია ამასთან დაკავშირებით სიღრმისეული კომენტარის გაკეთება. ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს თუ ვის რამდენი მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ კვლევა ფაქტებს არ ეფუძნება.
"არის უმეცარი მცდელობა, რომ იმ აღქმების დამკვიდრებას შეუწყონ ხელი, რომელიც გააცოცხლებს "ნაციონალურ მოძრაობას." თუმცა, როგორი დეზინფორმაციული ასპექტები და პარამეტრებიც არ უნდა იყოს ამ კვლევაში, ის ფაქტი მაინც ვერ დამალეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, კერძოდ ჯარისა და პოლიციის მიმართ ჩვენი მოსახლეობის ნდობა არის ძალიან მაღალი," - განაცხადა იონათამიშვილმა.
მისი თქმით, მილიონი მოქალაქე ყველა არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" სტაბილურად უჭერს მხარს და ეს განპირობებულია ხელისუფლების პოლიტიკით.
"ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის უმთავრესი ამოცანა რაც გააჩნია ჩვენს გუნდს და ჩვენს მოსახლეობას. ეს გამყარებულია იმ გადაწყვეტილებებითაც, რაც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო და ყველა მნიშვნელოვანი პროგრესი სწორედაც რომ "ქართული ოცნების" დამსახურებაა ჩვენს გუნდთან ერთად,"- განაცხადა იონათამიშვილმა.
რაც შეეხება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით კვლევაში დასმულ კითხვას, იონათამიშვილი პასუხობს, რომ "უმჯობესი იქნებოდა მოსახლეობისთვის ეკითხათ, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე".
"უპრიანი იქნებოდა, დაესვათ კითხვა, მოსახლეობას მიაჩნია თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და ვფიქრობ, საინტერესო პასუხებს მიიღებდნენ,"- განაცხადა იონათამიშვილმა.
ამავე თემაზე: როგორია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები IRI-ს კვლევის მიხედვით
IRI – პოლიტიკოსების რეიტინგში პირველ ადგილს კახა კალაძე იკავებს, მეორეს – სალომე ზურაბიშვილი
IRI – გამოკითხულთა 43% მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ეთანხმება
IRI – გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
IRI - რესპონდენტთა 89% ევროკავშირში, 80% კი NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერია
IRI – რესპონდენტთა 45% მთავრობის საგარეო პოლიტიკას მეტწილად ან სრულად პრო-რუსულად მიიჩნევს


