ოპოზიცია – IRI-ს კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ხელისუფლების ცვლილება უალტერნატივოა, პროპაგანდამ არ იმუშავა
25/04/2023 12:12:18 პოლიტიკა
ოპოზიციაში ეხმიანებიან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, "საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო".
„ლელოს“ წევრი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ხელისუფლების ცვლილება უალტერნატივოა.
„საზოგადოება კარგად გრძნობს, რომ ამ ხელისუფლების ცვლილებას ალტერნატივა არ გააჩნია. ქვეყანა რომ გადარჩეს, სამშვიდობოს გავიდეს და განვითარდეს, ალტერნატივა არ აქვს. ხელისუფლების შეცვლას ალტერნატივა არ აქვს, ეს უნდა მოხდეს არჩევნებზე. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, დემოკრატიული, პროდასავლური ძალებით. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ უალტერნატივოა ხელისუფლების ცვლილება. ამასთან, აჩვენებს, რომ საზოგადოებას სჭირდება დაინახოს ცალკე აღებული ძლიერი პოლიტიკური აქტორები, რომლებსაც შეუძლიათ კონკრეტული საკითხების და თემების ირგვლივ თანამშრომლობა და ძალისხმევის მობილიზება", - აღნიშნავს ნაცვლიშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივნის გიორგი ბოტკოველის შეფასებით, „ქართული ოცნების“ დამარცხება არც ისეთი ძნელია, როგორც ეს ვინმეს წარმოედგინა".
„ნებისმიერი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ყველა პროევროპული ოპოზიციური პარტიის ერთობლივ ბრძოლას ალტერნატივა არ გაჩნია, თუმცა ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ყველა პარტიამ აქტიურად უნდა იმუშაოს საკუთარი პოზიციის გამყარებისთვის და ის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს კლება 19%-იანი რეიტინგით და „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა დანარჩენ პარტიებს 14%-იანი მატება, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება არც ისეთი ძნელია, როგორც ეს ვინმეს წარმოედგინა“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
"ბინძური, აღვირახსნილი, ტოტალური ანტიდასავლური კამპანიის მიუხედავად, რაც „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა, IRI-ს კვლევის შედეგად ვნახეთ, რომ დასავლური კურსის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.
მანჯგალაძის შეფასებით, IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევებში პარტიულ რეიტინგებზე უფრო მნიშვნელოვანი ევროპული კურსის მხარდაჭერაა.
„ყველაზე მთავარი, რითაც IRI-ს გამოკითხვის შედეგები მახარებს არის ის, რომ ევროპული კურსის მხარდამჭერ ადამიათა რაოდენობა 4-5 პუნქტით არის გაზრდილი. ამ რაოდენობის ზრდა არის გარანტია იმისა, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპაში და საქართველო რუსეთი არასდროს გახდება. ანტიდასავლური პროპაგანდისთვის სპეციალური საპარლამენტო ჯგუფი შექმნეს. იმისთვის, რასაც ადრე არასაპარლამენტო, მარგინალური ძალები აკეთებდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ სპეციალური ანტიდასავლური ჯგუფი შექმნა. შედეგი იქნება ის, რომ „ხალხის ძალას“ თანდათან პენსიაზე გაუშვებენ, ხოლო “ქართული ოცნება“ პროდასავლური რიტორიკით საუბარს დაიწყებს - ეს იმიტომ, რომ პროპაგანდამ არ იმუშავა! მათ ხალხის აზრის გაზიარება და პატივისცემა მოუწევთ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება პარტიათა დაბალ რეიტინგს, მანჯგალაძის თქმით, პარტიულ რეიტინგებთან მიმართებით მთავარი პრობლემა ნდობის ნაკლებობაა.
„ამ მხრივ ყველანი ვცოდავთ. ის მთავარი სატკივარი, რაც ხალხს აწუხებს, პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხი არ არის. წინა პლანზე წამოწეულია საკითხები რაც ჩვენ - პოლიტიკოსებს გვაინტერესებს. ეს არის მთავარი, რაც უნდობლობას იწვევს - ხალხის მეტი პრობლემის მოგვარება მოიტანს რეიტინგს, თუმცა ჯამში, ოპოზიციური პარტიები მეტ რეიტინგს დებს, ვიდრე პარტია “ქართული ოცნება“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მიუხედავად პროპაგანდისა, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მომავალი აქვს მხოლოდ ევროკავშირს და ნატო-ს.
„ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოკვეთა ამ კვლევებმა, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არის ევროკავშირის მომხრე, პროევროპულად განწყობილი და ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული პოლიტიკისა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთი არის საფრთხე და ევროკავშირი და ნატო არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველომ უნდა აირჩიოს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში, მიუხედავად ხელისუფლების პროპაგანდისა, რუსეთს მომავალი არ აქვს, საქართველოში მომავალი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირს და ნატო-ს. „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის დაცემული რამდენიმე პროცენტით, ველი არის მარტის, ზუსტად რუსული კანონმდებლობის მიღებას ემთხვევა ეს ველი და ძალიან კარგად გაიგეს მოქალაქეებმა რა პოლიტიკას აწარმოებდა „ქართული ოცნება", ხოლო ის, რომ 7 პროცენტით არის დაცემული „ქართული ოცნების" რეიტინგი, ეს არის სწორედ მათი პოლიტიკის შედეგი, სწორედ ამიტომ ევროპული განწყობების ზრდის პარალელურად შემცირდა „ქართული ოცნების" რეიტინგი, რაც მიუთითებს რომ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა "ქართულ ოცნებას" არ თვლის პროევრიპულ ძალად“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ამავე თემაზე: როგორია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები IRI-ს კვლევის მიხედვით
IRI – პოლიტიკოსების რეიტინგში პირველ ადგილს კახა კალაძე იკავებს, მეორეს – სალომე ზურაბიშვილი
IRI – გამოკითხულთა 43% მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ეთანხმება
IRI – გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
IRI - რესპონდენტთა 89% ევროკავშირში, 80% კი NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერია
IRI – რესპონდენტთა 45% მთავრობის საგარეო პოლიტიკას მეტწილად ან სრულად პრო-რუსულად მიიჩნევს


