მიშელი – აუცილებელია სასამართლო სისტემის რეფორმის გაღრმავება
25/04/2023 15:53:26 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის რეფორმის და პრესის თავისუფლების გაღრმავების აუცილებლობას.
„საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ევროპულ გზაზე წინსვლისთვის, ახლა ვიდრე ოდესმე გადამწყვეტია მთავარი პრიორიტეტების განხორციელება. პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის რეფორმების და პრესის თავისუფლების გაღრმავების აუცილებლობა. ევროკავშირი გზის ყველა ეტაპზე თქვენ გვერდით დგას და კვლავინდებურად მტკიცედ ერთგული რჩება იმ ევროპული პერსპექტივისა და ისტორიული შესაძლებლობისადმი, რომელსაც ის წარმოადგენს საქართველოს ხალხისთვის“, - ნათქვამია შარლ მიშელის განცხადებაში.
მანამდე, შარლს მიშელთან შეხვედრის შეფასებისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, დაასრულოს 12 პირობის შესრულების პროცესი და იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.


