ბოლო გაფრთხილება ბრიუსელიდან?

26-04-2023 12:50:34 ანალიზი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების გაორმაგებისკენ მოუწოდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ რჩება ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული და რომ ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს. ეს თემა იყო მთავარი ღარიბაშვილის ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის დროსაც.

„შეგიძლიათ, ნატოს მუდმივი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, - ამ ტრადიციული ფრაზით დაიწყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გვერდით მდგარმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავისი მისასალმებელი სიტყვა შეხვედრის წინ, თუმცა შემდგომი წინადადებებიდან ირკვევა, რომ ბრიუსელში უკმაყოფილოები არიან საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების ტემპით, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დაადასტურებდა. სტოლტენბერგმა ასევე ახსენა სკანდალური კანონი „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც მმართველმა გუნდმა პარლამენტიდან გაიწვია მასშტაბური სამოქალაქო პროტესტის შემდეგ:

„იმედი გვაქვს, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას შიდა რეფორმების გასატარებლად და დემოკრატიული სტანდარტების დასაცავად. სწორედ ამიტომ მივესალმე გადაწყვეტილებას „საგარეო გავლენის“ შესახებ კანონპროექტის გაუქმების თაობაზე, რომელიც შეუთავსებელია ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირებული, დემოკრატიული, აყვავებული ქვეყანა. ნატო დარჩება თქვენი პარტნიორი, რადგან თქვენ მუშაობთ ამ მისწრაფებების რეალიზებაზე“.

პრემიერ ღარიბაშვილს ხსენებულ კანონპროექტზე ყურადღება არ გაუმახვილებია. მან თქვა, რომ უკრაინის ომი დიდი გამოწვევაა მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის, რომ „საქართველოს აქვს იგივე პრობლემა რუსეთთან – მას ოკუპირებული აქვს ტერიტორიები“ და დაარწმუნა ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პროდასავლური კურსის მდგრადობაში:

„საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები რჩება ჩვენს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად. მინდა, აღვნიშნო, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს: ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და გასულ წელს მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული გადაწყვეტილებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ე.წ 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე, ეს სამუშაო მალე დასრულდება და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს (ევროკავშირში გასაწევრიანებლად)“.

თუმცა მსგავსი ოპტიმიზმი არ იგრძნობოდა იმავე დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, რომელშიც ყურადღება საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში ბოლო წლების საკვანძო საკითხად ქცეულ თემაზე მახვილდება.

„საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ევროპულ გზაზე წინსვლისთვის, ახლა ვიდრე ოდესმე გადამწყვეტია მთავარი პრიორიტეტების განხორციელება. პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის რეფორმების და პრესის თავისუფლების გაღრმავების აუცილებლობა. ევროკავშირი გზის ყველა ეტაპზე თქვენ გვერდით დგას და კვლავინდებურად მტკიცედ ერთგული რჩება იმ ევროპული პერსპექტივისა და ისტორიული შესაძლებლობისადმი, რომელსაც ის წარმოადგენს საქართველოს ხალხისთვის“, - დაწერა შარლ მიშელმა „ტვიტერზე“.

უკვე წლებია, ევროკავშირი საქართველოს პოლიტიკისგან თავისუფალი მართლმსაჯულების შექმნის აუცილებლობაზე ესაუბრება, თუმცა საქართველოს ხელისუფლება კრიტიკისადმი მიუღებლობას დემონსტრირებს, მეტიც, მან ამ მიზეზით თქვა უარი ევროპულ გრანტზე. შემდეგ ეს საკითხი მოხვდა კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ სავალდებულო რეკომენდაციებს შორის. ამ ფონზე აშშ–მა ოთხ ქართველ მოსამართლეს „მნიშვნელოვანი კორუფციის“ გამო სავიზო სანქციები დაუწესა და იმედი გამოთქვა, რომ ეს უბიძგებს ქვეყანას, არსებითი ნაბიჯები გადადგას სასამართლოს რეფორმირების მიმართულებით. საპასუხოდ მმართველი გუნდი ცდილობს, გადაწყვეტილება საზოგადოებას შესთავაზოს, როგორც სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა, სოლიდარობას უცხადებს სანქცირებულ მოსამართლეებს და უკვე რამდენიმე დღეა, ფაქტობრივად, პარალიზებული აქვს საკანონმდებლო საქმიანობა, ცდილობს რა, ხელი შეუშალოს ოპოზიციას მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში. ამასთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან არ ცხრება ანტიდასავლური რიტორიკა, ღრმავდება პოლარიზაცია. ამდენად, ევროპელ ლიდერებს ნამდვილად დაუგროვდათ საჩივრები საქართველოს ხელისუფლების მიმართ და როგორც დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, ყველაფერი ეს უკვალოდ ვერ გაქრებოდა: „პრემიერმა ვერ აჩვენა ქვეყანაში დემოკრატიის პროგრესი, რაზეც საუბრობს და ცდილობს, მიყიდოს ამომრჩეველს“.

ოპოზიციონერი დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებები არ გაკეთებულა.

„როდესაც ასეთი მაღალი დონის შეხვედრის შემდეგ მედიისთვის საჯარო განცხადებები არ კეთდება, ეს ძალიან ცუდად აისახება ვიზიტზე“, - ფიქრობს დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.

ბრიუსელმა დიდი ხანია, დაინახა, როგორ „მიისწრაფის“ „ქართული ოცნება“ ევროპისკენ და ეს შეიძლება ჩაითვალოს ბოლო გაფრთხილებად, – ამბობს საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ფონდის უფროსი თანამშრომელი გიორგი ბადრიძე.

მისი დაკვირვებით, ევროპელმა ლიდერებმა იციან, რომ მმართველი გუნდი რეალურად ხელისუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული და არა დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელებაზე.

კრიტიკოსები ამტკიცებს, რომ მსგავსი ვიზიტებით საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ცდილობს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური კურსისადმი ერთგულების ჩვენებას, არ სურს რა, შინ "აიფეთქოს" ნაღმი, ვინაიდან, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი საზოგადოების ერთგულებას აქამდე თუ სოციოლოგიური კვლევები მოწმობდა, „აგენტების“ კანონპროექტის ირგვლივ აგორებულმა მტკიცე პროტსტმა აჩვენა ხალხის მზაობა, დაიცვას კიდევ ის.

მმართველი გუნდის ჩართულობით ქვეყანაში გაჩაღებული უპრეცედენტრო მასშტაბის ანტიდასავლური კამპანიის ფონზე ასევე საინტერესო იყო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის უახლესი საზოგადოებრივი კვლევის შედეგები:

  • გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა წინა კვლევასთან შედარებით 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

„ცალსახა და ნათელია საქართველოს მოქალაქეების სურვილი, გახდნენ ევროკავშირის წევრები და განაგრძონ დასავლურ, დემოკრატიულ ინსტიტუციებში ინტეგრაცია. საქართველოს მოქალაქეების ნების აღსრულება მთავრობის და ქვეყნის ლიდერების პასუხისმგებლობაა“, - თქვა თემის კომენტირებისას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

ამდენად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერები იმედს იტოვებენ, რომ კანდიდატის სტაუსის მოლოდინში პრემიერ–მინისტრმა ყურადღებით მოუსმინა პარტნიორების გამაფრთხილებელ გზავნილებს და მოუსმენს საკუთარ ხალს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები