ინსულტი: როგორ ამოვიცნოთ ამ ვერაგი დაავადების პირველივე ნიშნები

26-04-2023 15:57:12 ეს საინტერესოა

ინსულტი თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე მოშლაა, რაც ჯანმრთელობის მძიმე დარღვევებს იწვევს. ეს ვერაგი დაავადება ზოგადსაკაცობრიო პრობლემად იქცა, რადგან როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ის პირველ ადგილზეა მსოფლიოში უნარშეზღუდულობის გამომწვევ მიზეზთა შორის, ხოლო მესამეზე – სიკვდილიანობის კუთხით: მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 15 მილიონამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 1/3 შემთხვევაში სამწუხაროდ, ლეტალური გამოსავალი დგება, 1/3 შემთხვევაში ადამიანი განიცდის ღრმა ინვალიდიზაციას.

„ამიტომ, მისი დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების ჩართვა, ძალიან მნიშვნელოვანია“,– ამბობს ნევროლოგი ნიკა კვერნაძე.

ინსულტი არ არის მხოლოდ ასაკთან დაკავშირებული დაავადება: მართალია, 64–დან 74 წლამდე ასაკში ინსულტის განვითარების ალბათობა ექვსჯერ მეტია, ვიდრე 45–დან 55–წლამდე პერიოდში, თუმცა ფიქსირდება უფრო ახალგაზრდულ ასაკშიც.

  • სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ყველაზე ხშირია იშემიური ინსულტი, რომელიც მთლიანი შემთხვევების 80%–ს მოიცავს;
  • 15%–ს – ჰემორაგიული ინსულტი (ვითარდება მაღალი არტერიული წნევის ფონზე, რომლის დროსაც სკდება სისხლძარღვი);
  • შემთხვევების 5% მოდის სუბარაქნოიდულზე – ანევრიზმების გასკდომის შედეგად სისხლჩაქცევებზე.

ამდენად, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე პრობლემურია იშემიური ინსულტების სიხშირე, რომელიც განპირობებულია სისხლძარღვის დახშობით.

სპეცისლისტების თქმით, ინსულტი ყველზე ხშირად ვითარდება ისეთი დაავადებების ფონზე, როგორიცაა: ჰიპერტონია და გულის დაავადებები (მოციმციმე არითმია, მანკები, პაროქსიზმული ტაქიკარდია), გულის უკმარისობა, ცერებრალური ათეროსკლეროზი.

იშემიური ინსულტის დროს სისხლძარღვის დახშობის მიზეზი შეიძლება იყოს: კისრის მსხვილი სისხლძარღვებისა და გულის სარქვლების ათეროსკლეროზული ფოლაქებიდან მოწყვეტილი ნაწილები, თრომბები. ამ პროცესის გამომწვევი მიზეზი ბევრია, მაგრამ მოწინავეა ალკოჰოლი და თამბაქო, რაც ხელს უწყობს ხსენებული ფოლაქების წარმოქმნას.

„არსებობს ინსულტის სიმპტომები, თუმცა, სამწუხაროდ, მოსახლეობს დიდმა ნაწილმა არ იცის პირველივე ნიშნების ამოცნობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შესაბამისად, მას ტოვებს უყურადღებოდ, განიხილავს უბრალო შემთხვევად და ეს საკმაოდ პრობლემატურია“,– ამბობს ნევროლოგი ნიკა კვერნაძე.

დროს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ვიცით, რომ იშემიური ინსულტის დროს თრომბი ბლოკავს თავის ტვინის სისხლძარღვს. ამ თრომბის დაშლა ხდება პაციენტისთვის შესაბამისი ხსნარის გადასხმით, თუმცა პროცედურის დაწყება აუცილებლად უნდა მოხდეს ინსულტის განვითარებიდან პირველ ოთხნახევარ საათში.

ამდენად, უნდა ვიცოდეთ ნიშნების ამოცნობა, რომელთა შორისაც, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, ყველაზე ხშირია:

  • მეტყველების გაძნელება;
  • სახის ასიმეტრია;
  • კიდურების ან კიდურის (ხელის, ფეხის) სისუსტე;
  • წონასწორობის პრობლემა;
  • მხედველობის დარღვევა.
  • ამასთან, სპეციალისტების თქმით, სისხლჩაქცევა ვითარდება უმეტესად 40 წლამდე ასაკში. პაციენტს აღენიშნება თავში ძლიერი დარტყმის შეგრძნება:
  • თავის ძლიერმა ტკივილმა შეიძლება, განავითაროს გულყრა, მაგრამ ძირითადად, ადამიანი გონებას არ კარგავს. ავადმყოფი გრძნობს სისუსტეს, თავის არეში ძლიერ ტკივილს, გულისრევის შეგრძნებას, აქვს ღებინება.

„გააჩნია, თავის ტვინის რომელ უბანში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, სწორედ ის კლინიკური სურათი ვლინდება. შედეგები დამოკიდებულია დაზიანდებულ უბანზე, თუ რა ტიპის სისხლძარღვია დახშული: თუ დიდი სისხლძარღვია დახშული, ის დიდ უბანს აზიანებს, შესაბამისად პრობლემაც უფრო ღრმაა.

ინსულტი შესაძლოა, ვთქვათ, მეტყველების დარღვევით დაიწყოს, შემდეგ რამდენიმე წუთში აღდგეს, ადამიანი ფიქრობს, რომ „გაუარა“ და სამედიცინო დაწესებულებას არ მიმართავს, თუმცა მსგავს შემთხვევებში განმეორების რისკი 8–10–ჯერ გაზრდილია. შესაძლოა, განმეორდეს რამდენიმე წუთში ან დღეში. ამიტომ, ადამიანებმა სამედიცინო დახმარებას მყისიერად უნდა მიმართონ!“,– ხაზგასმით აღნიშნავს ნევროლოგი.

როგორ დავეხმაროთ პაციენტს? სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ თუ მაგალითად, ადამიანი გონებას კარგავს, ადგილი აქვს ღებინებას, უნდა დავეხმაროთ შესაბამის პოზაში მოთავსებაში, რათა არ გადაიკეტოს სასუნთქი სისტემა, მაგრამ მთავარი დახმარებაა, დაუკავშირდეთ 112–ს,პაციენტი გადავიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, მოხდეს დიაგნოსტიკა და ექიმს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები