ჩინეთის საელჩო: "საქმე სიტყვებზე მეტს ნიშნავს: ჩინეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დამოუკიდებელ საქართველოსთან დიპკავშირები დაამყარა და მუდამ მხარს უჭერს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ განვითარების გზას"

26-04-2023 16:14:35 პოლიტიკა

საქართველოში ჩინეთის საელჩო კიდევ ერთხელ ადასტურებს პეკინის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და ქართველი ხალხის მიერ არჩეული განვითარების გზის ხარდაჭერას. ამის შესახებ ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის კომენტარში, რომელიც "აქცენტმა" საფრანგეთში ჩინეთის ელჩის ამასწინანდელ სკანდალურ განცხადებებთან დაკავშირებით ითხოვა.

"საფრანგეთში ჩინეთის საელჩოს პრეს–სპიკერის ამასწინანდელ განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ელჩი ლუ შაიე სატელევიზიო დებატებისას გამოხატავდა პირად შეხედულებებს, რომელიც არ ასახავდა ჩინეთის პოლიტიკას. 24 აპრილს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა განაცხადა, რომ „ტერიტორიული სუვერენიტეტის საკითხებთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია თანმიმდევრული და მკაფიოა: ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს გაერო–ს წესდების მიზნებსა და პრინციპებს. საბჭოთა კავშირი იყო ფედერალური სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის ერთი სუბიექტი საერთაშორისო ურთიერთობებში. ეს არ აუქმებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, როგორც სუვერენული სახელმწიფოების სტატუსს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“. საქმე სიტყვებზე მეტს ნიშნავს: ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და დაამყარა მასთან დიპლომატიური კავშირები; ჩინეთი მხარს უჭერს განვითარების გზას, რომელიც არჩეულია ქართველი ხალხის მიერ და შეესაბამება საქართველოს რეალობას; სამ ათწლეულზე მეტია, ჩინეთი და საქართველო ტრადიციული მეგობრობითა და კარგი პარტნიორობით გამოირჩევიან, დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ხელშესაწყობად, საერთაშორისო საქმეებში ეფექტური კოორდინაციის შესანარჩუნებლად და ორმხრივი ურთიერთობების ჯანსაღი განვითარებისთვის", - აცხადებენ საქართველოში ჩინეთის საელჩოში.

მანამდე, 24 აპრილს ჩინეთმა განაცხადა, რომ მისი პოზიცია ყირიმის მიმართ არ შეცვლილა და პატივს სცემს ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი მოჰყვა საფრანგეთში ჩინეთის ელჩის ლუ შაის განცხადებას, რომლის თანახმად, "არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომლითაც განმტკიცებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების, როგორც სუვერენული სახელმწიფოების სტატუსი".

ფრანგულ ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში ჩინეთის ელჩმა ისიც თქვა, რომ "ყირიმი რუსეთის იყო და ის საბჭოთა პერიოდში უკრაინას აჩუქა ნიკიტა ხრუშჩოვმა".

ჩინელი დიპლომატის ამ ინტერვიუს მკვეთრად უარყოფითი რეაქციები მოჰყვა უკრაინისა და ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან, რომელთა შორის არიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც: ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.

ჩინეთს, რომელსაც კრემლი თავის მოკავშირედ თვლის, რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად ოფიციალურად არ უღიარებია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მაო ნინის განცხადებით, პეკინი პატივს სცემს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სუვერენიტეტს და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

იხილეთ ასევე: „საკუთარმა ელჩმა „აუფეთქა“ ნაღმი“: ჩინელმა დიპლომატმა, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტში შეიტანა ეჭვი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები