ბევრს "აეწვა" – ვოლსკი ევროპარლამენტარის ირგვლივ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს
26/04/2023 14:11:10 პოლიტიკა
მართალია ძალიან ბევრს აეწვა, რომ რეალობა გახდა ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიოლა ფონ კრამონის ბებია და ბაბუაზე წერს ღიად სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული რომელიმე პლატფორმა, -ასე ეხმიანება პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ევროპარლამენტარის ირგვლივ აგორებულ დეზინფორმაციული კამპანიის გამოაშკარავებას.
"რუსული ხელისუფლება უფრო შეიძლება „ნაცმოძრაობას“ ეწოდოს, რომელმაც რუსეთს ჩააბარა სტრატეგიული ობიექტები და ტერიტორიები, ბრძოლის ველზე მიატოვა სამხედროები. რა „ტროლ-ბოტები? ჩვენ არანაირი „ტროლ - ბოტები“ არ გვჭირდება. ჩვენ გვყავს ადამიანები, ზოგი მხარდამჭერია, ზოგი მოწინააღმდეგე და ამას ძალიან ნორმალურად ვუყურებთ.
რაც შეეხება ვიოლა ფონ კრამონის წინააღმდეგ გალაშქრებას, რატომ გგონიათ, რომ ეს არ არის ვიღაცის მიერ გაკეთებული სწორედ იმიტომ, რომ შემდეგ საკითხი დაისვას ისე, რომ ამას მხარს უჭერს „ქართული ოცნება“. ბევრჯერ ყოფილა, გამოდის ადამიანი, იძახის, რომ არანაირ პარტიას არ ეკუთვნის და შემდეგ ვრცელდება, რომ "ნაცმოძრაობის" აქტივისტია ადამიანი. თუ ფონ კრამონის მიმართ ვინმე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რატომ გგონიათ, რომ სიკეთეს მოუტანს ეს ხელისუფლებას, სისულელეა ამის თქმა.
გეკითხებით, ვინ გაავრცელა ვიოლა ფონ კრამონზე, სახელმწიფოს მიერ დასპონსორებულმა რომელმა „ტროლ- ბოტმა“ გაავრცელა, თუ „ტროლია“ და „ბოტია“ თქვენ რა იცით, ვისი დასპონსორებულია, იქნებ თქვენი დასპონსორებულია და შემდეგ გამოდიხართ და შეკითხვებს სვამთ? - გეუბნებით რა არის სიმართლე, მართალია ძალიან ბევრს აეწვა, რომ რეალობა გახდა ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიოლა ფონ კრამონის ბებია და ბაბუაზე წერს ღიად სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული რომელიმე პლატფორმა, თუ ეს ასეა. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანს თავის მოსაზრება ჰქონდეს, არასწორს წერდეს, ან სწორს წერდეს, რატომაა ჩვენს მიერ დასპონსორებული?", - განაცხადა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი იმ „ფეიკ“ ინფორმაციებს პასუხობს, რომელიც მის შესახებაა გავრცელებული. მან „ტვიტერში“ ამის შესახებ სპეციალური ვიდეოც გაავრცელა.
როგორც ევროპარლამენტარი ვიდეოში ამბობს, მის შესახებ გავრცელებული „ფეიკ“ ინფორმაციისა და ვიდეოს უკან, სავარაუდოდ, მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები დგანან.
მანამდე ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ საქართველოში ყალბ ინფორმაციები ვრცელდება და რომ "ქართველმა "ტროლებმა" რუს "ტროლებსაც" აჯობეს".
როგორც მან აღნიშნა, "ფეიკები" ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ გაზიარდა" და გამოთქვამს ვარაუდს, რომ "დამკვეთიც ამ სივრცეში უნდა იყოს":
"მომილოცავს! "თვის ტროლის" ჯილდო ამჯერად აუცილებლად გადმოგეცემათ ქართველ "ტროლებს". მათ რუს "ტროლებსაც" კი აჯობეს. რატომ? მათ მე ჰერმან გიორინგის შესაძლო ნათესავად გამამწესეს. მსგავსი აზრი მხოლოდ მათ მოუვათ თავში, ვინც ჩემი ქალიშვილობის გვარის "გერინგის" რუსულ თარგმანს აიღებს. "გერინგი" და "გიორგინგი" კირილიცათი ერთნაირად იწერება. ლათინურ დამწერლობაში კი ამ ორ გვარს არაფერი აქვს საერთო ისევე, როგორც საბედნიეროდ, არც მე მაკავშირებს რაიმე ნაცისტ პოლიტიკოსსა და ომის დამნაშავე - ჰერმან გიორინგთან. მეორე "ფეიკი" კიდევ უფრო აბსურდული და უხერხული იყო. ნასვამი ქალი (ბრიტანულ) ქორწილში. სიამოვნებით წავიდოდი ქართულ ქორწილში, მაგრამ ჯერ არავის დავუპატიჟებივარ. ამ ქალბატონთანაც არაფერი მაქვს საერთო. ეს კლასიკური "დიიფ ფეიკ" ვიდეო იყო. საინტერესო გარემოებაა, რომ ეს "ფეიკები" ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ იქნა გაზიარებული. საფიქრებელია, რომ სავარაუდო დამკვეთიც აქ უნდა ვეძებოთ. ვფიქრობ, უმჯობესია ღია პოლიტიკური დისკუსიების გამართვა. შეთითხნილი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად".
მან მადლობა გადაუხადა „მითების დეტექტორს“, რომელმაც ეს ფაქტები გამოააშკარავა და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.


