ოპოზიცია მობილიზებულია, ერთადერთი, მშენებლობის ქვეშ არ უნდა გავიაროთ, რომ აგური არ ჩამოვარდეს – გოცირიძე საგამოძიებო კომისიაზე
26/04/2023 15:33:40 პოლიტიკა
შემდეგი კვირიდან თავიდან იწყება თავდავიწყება,– აანონსებს დეპუტატი რომან გოცირიძე. საუბარია მოსამართლეების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე, რომლის შექმნასაც ოპოზიცია ცდილობს, თუმცა მმართველი გუნდი მას პროცედურის გამოყენებით უშლის ხელს, რასაც იურისტები კონსტიტუციის დარღვევად აფასებენ. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ გადიან რეგისტრაციას და საკითხი კენჭისყრაზე კვორუმის არარსებობის მიზეზით ვერ დგება.
„არნახული მოვლენაა – „ქართული ოცნება“ ბოიკოტს აცხადებს და არ დადის პარლამენტში – არ გადის რეგისტრაციას. სხვათა შორის, არსიარულზე ჯარიმაა: 3400 ლარი აქვს დეპუტატს და 10% ეჭრება, მაგრამ მათ ფული არ ადარდებთ, 10 მილიონს გადაგვიხდიან ახლა ჩვენ, ოღონდ არ მივიდეთ. რატომ ვამბობ, რომ არ დადიან? რა იქ ყოფილხარ და რეგისტრაცია არ გაგივლია და რა რუსთაველის პროსპექტზე გისეირნია – ეს სამართლებრივად ერთი და იგივეა. 50 კანონია კენჭსაყრელი, მათ შორის შესაძლოა, ძალიან საჭირო კანონებიც იყოს და არიან საშინელ საგონებელში, არ იციან, რა გააკეთონ. ერთი კვირა გაიტანეს, მოვდივართ ჯიუტად და ერთი კვირის განმავლობაში არიან ბოიკოტის რეჟიმში. რას გააკეთებენ მომავალი სამშაბათიდან? ვაფრთხილებთ, რომ ყველანი მივდივართ. ოპოზიცია კვლავ იქნება, მათ შორის, ადამიანი, რომელიც ძალიან ავად იყო, სტამბოლში მკურნალობდა, ისიც კი ჩამოვიდა და ადგილზეა. ერთადერთი გამოსავალია, მშენებლობის ქვეშ არ უნდა გაიაროს ოპოზიციონერმა, რომ აგური არ ჩამოვარდეს. ეს არის ოცნება, რომ ერთი აგური ვინმეს მოხვდეს თავში, დანარჩენი ყველანაირად მობილიზებულები ვართ“,– თქვა დეპუტატმა.
საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რომ აშშ–მა „მნიშვნელოვანი კორუფციის“ გამო სავიზო სანქციები დაუწესა ოთხ ქართველ მოსამართლეს.
26 აპრილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია არ შექმნას.
მისი მტკიცებით, „ეს ყველაფერი იმ კამპანიის შემადგენელი ნაწილია“, რომელსაც“რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ“.
„რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე არ შექმნას საგამოძიებო კომისია. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციას გავიტანთ ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


