ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა
26/04/2023 17:07:30 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა.
„ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2021 წლის თებერვლიდან იკავებს. მისი აზრით, საქართველო არის კონსერვატიული საზოგადოება, რომელსაც აქვს ქრისტიანობაზე დაფუძნებული უნიკალური ღირებულებები. გენდერული პროპაგანდა არც საქართველოს ზოგავს, მაგრამ ღარიბაშვილი თვლის, რომ აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ უმრავლესობის ნებას, ხოლო ქართველების დიდი უმრავლესობა უარყოფს პროპაგანდისტულ, პროტესტანტ ლგბტქ ზეწოლას“, — ასე წარადგენს ღარიბაშვილს კონფერენციის ორგანიზატორი „ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრი“.
როგორც „ასოშიეტიდ პრესი“ იუწყება, ორდღიანი კონფერენცია ასახავს კავშირების გაღრმავებას ამერიკის მემარჯვენე ფრთასა და ვიქტორ ორბანის ავტოკრატიულ მთავრობას შორის.
კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული ყოველწლიური კონსერვატორთა ყოველწლიური შეკრებაა. ევროპაში კი CPAC მეორე წელია, უნგრეთში ტარდება. შარშან ბუდაპეშტში კონფერენციას „ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრმა“ უმასპინძლა. CPAC-უნგრეთის ვებ-გვედის თანახმად, ღონისძიება ორიენტირებული იყო „ღმერთის, სამშობლოს, ოჯახის“ ღირებულებებზე. წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ჩვენ ძლიერები ვართ“.


