ახალი ძლიერი მოთამაშე შავ ზღვაში და საქართველოს ინტერესები

27-04-2023 15:09:26 ეს საინტერესოა ,ანალიზი

უნივერსალურ სადესანტო ხომალდი „ანადოლუ“, რომელიც მსუბუქი ავიამზიდების ფუნქციასაც ითავსებს, უკვე შავ ზღვაშია. ის ანალოგია ფრანგული მისტრალის, რომლის ყიდვასაც რუსეთი უშედეგოდ ცდილობდა.

232 მეტრის სიგრძის, 35 000 ტონა წყალწყვის ხომალდს, 261–კაციანი ეკიპაჟით, სპეციალისტები ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის და პროგნოზირებენ, რომ რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.

„ანადოლუ“ იქცა მეორე ავიამზიდად, რომელიც შავი ზღვის აუზის წევრის მიერ იქნა აგებული: პირველი იყო საბჭოთა კავშირის მიერ მიკოლაევში აშენებული ავიამზიდი „თბილისი“ (სადღეისოდ „ადმირალ კუზნეცოვი“ – რუსეთის ერთადერთი ავიამზიდი), რომელიც ექსპლუატაციაში 1985 წელს შევიდა.

თავის დროზე, თურქეთმა მისი მშენებლობა ამერიკული F35–ის ტიპის ულტრათანამედროვე გამანადგურებლებისთვის დაიწყო (მათ გემბანიდან ვერტიკალური აფრენა–დაფრენის ფუნქცია აქვთ), თუმცა შეთანხმება ჩაიშალა თურქეთის მიერ რუსული ეს–400–ების შეძენის ირგვლივ აგორებული სკანდალის გამო. მაშინ აშშ–მა F35–ებზე თურქი პილოტების მომზადების პროგრამაც შეაჩერა და თურქეთი ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს საკითხის დაძვრას. შესაბამისად, „ანადოლუ“ F35–ებით ვერა, მაგრამ თურქეთის შეიარაღებაში არსებული სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენებით დაკომპლექტდა, მათ შორისაა:

  • რამდენიმე „კობრას“ ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენი, „შავი ქორი“;
  • ხოლო ძირითად შემტევ ძალას წარმოადგენს თურქული „ბაირაქტარ“ TB3–ები – უახლესი მოდიფიკაცია. სპეციალისტების განმარტებით, მას საგემბანო კონფიგურაცია, გაზრდილი საბრძოლო დატვირთვა, გაზრდილი სამოქმედო მანძილი აქვს და ფრთები ეკეცება, რათა გემბანზე ნაკლები ადგილი დაიკავოს. გემბანი იტევს 50–მდე „ბაირაქტარ“ TB3–ს, რასაც შეიარაღების ექსპერტები საკმაოდ დიდ ძალად მიიჩნევენ;
  • აქვეა „კიზილარმას“ ტიპის, TS ტექნოლოგიებით შექმნილი უახლესი თურქული დამრტყმელი დრონი (დაახლოებით 1000 კმ–ზე მოქმედებს). მსგავსი ანალოგები შექმნილა აშშ–ში, ჩინეთში, ევროპაშიც, თუმცა თურქეთის მხრიდან მისი შექმნა უპილოტო ავიაციის მიმართულებით სერიოზულ განაცხადად ფასდება – ის ტექნოლოგიურად უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე იგივე „ბაირაქტარი“;
  • გარდა ამისა, ხომალდს აქვს დიდი მოცულობის შიდა სადესანტო სივრცე, სადაც რამდენიმე ათეული სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანის, 29 ერთეული ტანკის განთავსება და სხვადასხვა მიმართულებით სადესანტო ოპერაციების განხორციელებაა შესაძლებელი;
  • ხომალდს დიდი მოცულობის ტვირთის (როგორც სამხედრო დანიშნულების, ისე ჰუმანიტარულის) გადატანის რესურსი აქვს.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მართალია, ხომალდზე წარმოდგენილი არაა გამანადგურებელი ავიაცია, მაგრამ არსებული უპილოტო საფრენი აპარატები უსერიოზულესი ძალაა იგივე შავი ზღვის ჩრდილოეთით არსებულ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ეს ჰაერ და ხომალდსაწინააღმდეგო სისტემებს ეხება. ამდენად, მისი გამოჩენა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შავი და ხმელთაშუა ზღვებში არსებულ მოთამაშეებზე. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი ნატო–ს წევრია, პროცესზე დამკვირვებლების აზრით, მის შეიარაღებაში მსუბუქი ავიამზიდის გამოჩენა ალიანსის გავლენის გაზრდას გულისხმობს შავი ზღვის აუზში.

„ზოგადად, შავ ზღვაში უკრაინის ომამდე დომინანტური პოზიცია ჰქონდა რუსეთს, რომლის დაბალანსებასაც ნატო ცდილობდა "მონტროს" კონვენციით გათვალისწინებული ვადებით სხვადასხვა პორტებში სხვადასხვა დასაშვების წყალწყვის ხომალდების შეყვანით (ჩვენთანაც შემოდის ხომალდები, თუმცა უფრო ხშირად, ისინი დისლოცირებულნი არიან ბულგარეთში, რუმინეთში). რაც შეეხება თურქეთს, მისი შავი ზღვის ფლოტი ამ დრომდე არ ითვლებოდა განსაკუთრებულ საპირწონედ რუსული შავი ზღვის ფლოტისა. შესაძლოა, დავინახოთ მცდელობა ოფიციალური ანკარის მხრიდან, რომ მისი შავი ზღვის ფლოტი ადეკვატური გახდეს რეგიონში არსებული გამოწვევებისა, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოება ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია ალიანსის: ყველა სამიტსა და მინისტერიალზე ეთმობა ამ საკითხს ყურადღება, განიხილება სხვადასხვა იდეები შავი ზღვის უსაფრთხოებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობის. ამდენად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მნიშვნელოვანი შევსება იქნება „ანადოლუ“ როგორც საკუთრივ თურქული ფლოტის, ასევე ნატოს სამხედრო ყოფნის კომპონენტში“,– ამბობს „აქცენტთან“ ისტორიკოსი, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი დავით ბრაგვაძე.

ამასთან, ბრაგვაძის დაკვირვებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ფლაგმანი „მასკვა“ უკრაინასთან ომის დროს დაკარგა და ახლა საუბარია, რომ „ადმირალი მაკაროვიც“ (ახალი ფლაგმანი) არაა ფორმაში, „ისე ჩანს, თითქოს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მილევადი ძალაა, ამ ფონზე კი ახალი ლიდერის გამოჩენის სივრცე ჩნდება საზღვაო არეალში“:

„ისიც გასაგებია, რომ „ანადოლუს“ მშენებლობა ერთი წლის წინ არ დაწყებულა. მსგავსი ხომალდები მოკლე დროში არ შენდება. ამდენად, როგორც ჩანს, თურქეთში ამ საკითხზე ფიქრობდნენ უკრაინაში ომის დაწყებამდეც. შესაბამისად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს თურქული ამბიციის ერთ–ერთი ილუსტრირებული ხორცშესხმაა, რომელიც ამ მომენტში შესაძლოა, არც არავის ესიამოვნოს, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თურქეთში დაგეგმილი არჩევნების შედეგებზე: თუ ერთ–ერთ არჩევნებში (საპარლამენტო ან საპრეზიდენტოში) მაინც გაიმარჯვა ოპოზიციამ (როგორც კვლევები აჩვენებს, საპრეზიდენტოში მეორე ტური იქნება, საპარლამენტოს მოგების შანსი ოპოზიციას აქვს), ამ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ თურქეთი უფრო პროდასავლური იქნება, გახდება უფრო გუნდური მოთამაშე, ვიდრე ერდოღანს პირობებშია. შესაბამისად, ეს უფრო შეცვლის სურათს“.

რაც შეეხება საქართველოს, ბრაგვაძის ანალიზის მიხედვით, ნებისმიერი ქვეყნის გაძლიერება შავ ზღვაზე, რომელიც რუსეთის საწინააღმდეგოდ შეცვლის ძალთა ბალანსს, პირდაპირ ან ირიბად იმუშავებს ჩვენს ინტერესებზე. ამ მხრივ კი ყველაზე დიდი პოტენციალი სადღეისოდ თურქეთს აქვს და უკრაინასაც, თუმცა ომის დასრულების შემდეგ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები