Accentnews.ge
"მინდა, ვისუნთქო თავისუფლად", "ნაცები უნდა აიკრძალონ", "IRI–ს რეიტინგებს არ გავატარებთ",  – ვინ რისთვის მიდის "უცნობის" აქციაზე

"მინდა, ვისუნთქო თავისუფლად", "ნაცები უნდა აიკრძალონ", "IRI–ს რეიტინგებს არ გავატარებთ",  – ვინ რისთვის მიდის "უცნობის" აქციაზე

27/04/2023 13:00:53 პოლიტიკა

„მოვდივარ“ - ამ სახელწოდებით თბილისში აქცია 30 აპრილს გაიმართება.

დემონსტრაციას, რომელიც ტელეწამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ („უცნობი“) დააანონსა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. აქციის სლოგანია „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“.

კითხვაზე, რა მიზნით უერთდება აქციას, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა შემდეგი განაცხადა:

"მინდა, ვთქვა, რომ მე მინდა, ვისუნთქო თავისუფლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს ქვეყანაში მე როგორც მინდა ჩემი არჩევანი უნდა დავიცვა და აშშ–მა, საფრანგეთმა თუ ჩინეთმა არ უნდა მიკარნახოს მე ჩემ ქვეყანაში როგორ ვიცოცხლებ. მე არ მინდა, ჩემ ქვეყანაში ვიღაცის მონა ვიყო. ჩვენ რატომ გამოვედით და ჩემი ახლობლებიც იყვნენ, რომ გამოვიდნენ არ გვინდა რუსული კანონიო. რუსეთი ამაზე უარესს აკეთებდა, არ გვინდა მონობა არც ამერიკის, არც რუსეთის და არც არავისი".

რეჟისორი ქეთი დოლიძე ამბობს, რომ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" დასასრულებლად მიდის".

როგორც მან განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა აკრძალულიყო":

"რა თქმა უნდა, მივდივარ აბა რას ვშვრები. ეს უბედურება რომ დამთავრდეს ბოლოს და ბოლოს და ნაცებმა, რომ დაინახონ რამდენი ვართ, რომ ამდენი ყელყელაობის მერე, აი, არ გულაობდნენ ესე ჩვენს თავებზე. ის დიდი ხანია, 2012 წელს უნდა აკრძალულიყო, როგორც პარტია, უნდა აკრძალულიყო, იმდენი სიბინძურე და იმდენი უბედურება აქვს ჩადენილი 9 წლის მანძილზე, კიდევ ძალიან დიდ ხანს უთმენდა საქართველო. გაბრაზებული ვარ იმაზე, რომ დიდი ხანია ნაციონალები კიდევ წამოყელყელავდნენ. IRI არა კიდევ ის. სულ არ მაინტერესებს, ვინ არის IRI", - ამბობს ქეთი დოლიძე.

"უცნობის" აქციაზე მივა კონსერვატიული პორტალის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილიც. იგი აცხადებს, რომ "საერთაშორისო გავლენიანი კვლევითი ინსტიტუტი ( IRI) ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში მონაწილეობს".

"ჩვენ გვსურს, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გააგონოს ყველას საკუთარი ხმა. რა თქმა უნდა, საქართველოს და ჩვენს ქვეყანას მის თაობებს არ უბრძოლიათ იმისათვის, რომ გამოგვეცვალა ბატონი. ეს არის შეთქმულება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ამას ქართული საზოგადოება ცხადია მშვიდად ვერ უყურებს და სწორედ ამიტომაც 30– ში შეიკრიბება".

ლიტერატურული კონკურსის "მინიატურა" ორგანიზატორი ირმა სანაძე აცხადებს, რო IRI-ს კვლევის შედეგების გამოგაბრაზებულია:

"გაბრაზებულები ვართ იმიტომ, რომ თავს გვახვევენ გაურკვეველ კვლევებს. IRI-მ დადო კვლევა, რამდენი ხალხი ვართ, რამდენ ადამიანს ვიცნობ, კაცი არ ვიცი, ვისაც მიღებული აქვს ამ კვლევებში მონაწილეობა. ღარიბაშვილი მეოთხე ადგილზე დააყენეს და სალომე ზურაბიშვილი - მესამე ადგილს, ქალს რეიტინგი საერთოდ არ აქვს და ღარიბაშვილი თავისი პოპულარობის და რეიტინგის პიკშია. ვინ დაიჯერებს ამას ხალხო, ვის დასცინიან, წარმოუდგენელი რაღაც ხდება ყველა მიმართულებით. ჩვენ ამას არ გავატარებთ, ამის სათქმელად მოვდივართ, აქციაზე".

ცნობისთვის: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი კახა კალაძეა, მეორე ადგილს კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იკავებს.

კვლევის ფარგლებში, რესპონდენტებს ჰკითხეს ჩამოთვლილი პირებიდან რომლის მიმართ იყვნენ პოზიტიურად განწყობილები და ვის მიმართ ნეგატიურად.

შედეგების მიხედვით, ტრადიციულად პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ (გამოკითხულთა 91% პოზიტიურადაა განწყობილი), მეორე ადგილზე კახა კალაძეა 52%-ით, მესამე ადგილს კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იკავებს 48%-ით. საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ პოზიტიური განწყობა გამოკითხულთა 43%-მა დააფიქსირა, მას მოსდევს გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი 36-36%-ით. საგულისხმოა, რომ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული წინა კვლევით, პოლიტიკოსებს შორის მეორე ადგილს ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა, სალომე ზურაბიშვილი კი ანა დოლიძის შემდეგ, მეოთხე ადგილს იყო. წლევანდელი კვლევის ამ კომპონენტში ანა დოლიძის რეიტინგი საერთოდ არაა გაზომილი, ღარიბაშვილს კი პრეზიდენტმა გადაასწრო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S