ხაბეიშვილი – ენმ-ში არსებული დაპირისპირების შესახებ: “მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს”
27/04/2023 13:47:45 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის შიგნით არსებულ დაპირსპირებაზე საუბრისას აცხადებს, რომ „მტკივნეული გადაწყვეტილების“ მიღება მოუწევს. რას გულისხმობს „მტკივნეულ გადაწყვეტილებაში“, ხაბეიშვილი არ აკონკრეტებს.
მისი თქმით, მიუხედავად პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირებისა, IRI-ის კვლევის შედეგების თანახმად, ენმ-ის რეიტინგი გაზრდილია:
„მიხარია, რომ პარტიის [რეიტინგი] მზარდია, მიუხედავად ტურბულენციისა და დაპირისპირებისა. ცოცხალი ორგანიზმია პარტია და არის ეს პრობლემები. არც მოგვწონს და კარგიც არ არის, მაგრამ მთავარია, რომ საზოგაოდება ამას ჯანსაღად აღიქვამს. ჯანსაღად აღიქვამს მათ შორის იმას, რომ მე მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ცუდია, რომ არჩევნების შემდეგ კონკრეტულმა ადამინებმა გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილს კი არა, არამედ პარტიას ებრძოლონ. კონკრეტული ადამიანები, ცოტა გაბრაზებულები და ნაწყნები რას აღიქვამენ, სხვა არის. მეორეა კვლევაში რა შედეგი იყო".
ხაბეიშვილი უარყოფს, რომ იგი რომელიმე საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც მას, როგორც პარტიის თავმჯდომარეს უპირსპირდებიან, „უბრალოდ შარზე არიან“.
„მე ერთი კვირის წინ ბრიფინგზე ვთქვი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში [შიდა პარტიული] არჩევნები ჩატარდება და არავინ არავის არ დანიშნავს. ასევე შევთავაზე კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც პარტიის ინტერესი აქვთ და ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლა უნდათ და არა ბრიფინგების მართვა ენმ-ის წინააღმდეგ, ნებისმიერი ინიციატივით მოგვმართონ. მზად ვართ განვიხილო და შევყვე, მაგრამ თუ არც წერილს მოგვწერენ, არც კომუნიკაციაზე გამოდის და ადამიანი უბრალოდ შარზეა, ამას უკვე ხალხი აღიქვამენ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.


