Accentnews.ge
უნგრეთის ელჩი – პრემიერი მიიწვიეს, რადგან ეს არის ფართო პლატფორმა ღირებულებების დაცვისა, რომელსაც ვიზიარებთ

უნგრეთის ელჩი – პრემიერი მიიწვიეს, რადგან ეს არის ფართო პლატფორმა ღირებულებების დაცვისა, რომელსაც ვიზიარებთ

28/04/2023 06:18:31 პოლიტიკა

უნგრეთის ელჩი ანა მარია შიკო აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატორთა კონფერენციის სპიკერად ორგანიზატორებმა იმიტომ მიიწვიეს, რომ საქართველო იზიარებს უნგრეთის თვალთახედვას ქრისტიანობასა და ოჯახურ ღირებულებებზე.

"პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციის ორგანიზატორებმა მიიწვიეს, რადგან ეს არის ფართო პლატფორმა პოლიტიკური აზრებისა და ღირებულებების დაცვისა, რომელსაც ვიზიარებთ. საქართველო იზიარებს ჩვენს ხედვას ქრისტიანობაში, ტრადიციულ ღირებულებებს, ღირებულებებს ოჯახთან და ოჯახურ კავშირებთან. კონსერვატიულ პლატფორმაზე ამაზეც იქნება საუბარი. ყოველთვის არის მსგავსება და განსხვავება შეხედულებებში, ისე როგორც საქართველოს კანდიდატის სტატუსსა და წევრობასთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, შეხედეთ იმას, რომ ჭიქა არა ნახევრად ცარიელია, არამედ ნახევრად სავსეა“, – ამბობს ელჩი [TV პირველის თარგმანი].

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ორგანიზატორების ვებგვერდზე ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთ სპიკერად არის მოხსენიებული.

კონფერენცია (CPAC) ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება. ორგანიზატორების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კონფერენციაზე მთავარი გამომსვლელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იქნება. ამერიკული კონსერვატიული კავშირის მიერ ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 1970-იანი წლებიდან იმართება. უნგრეთის დედაქალაქი აღნიშნულ ღონისძიებას შარშანაც მასპინძლობდა. გასული წლის კონფერენცია კონცენტრირებული იყო ღირებულებებზე „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S